მამუკა მდინარაძე - აგენტურის დეზინფორმაცია ახალ მასშტაბებს იძენს, ტყუილია 14 მილიარდი
მამუკა მდინარაძე - აგენტურის დეზინფორმაცია ახალ მასშტაბებს იძენს, ტყუილია 14 მილიარდი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებას ეხმიანება, რომელთა თქმითაც, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მომენტიდან საქართველოს ექნება წვდომა 14-მილიარდიან ფონდზე.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, რადიკალური ოპოზიცია ტყუილებით ცდილობს, ხალხს მოანდომოს მოლაპარაკებების გახსნა.

„აგენტურის დეზინფორმაცია ახალ მასშტაბებს იძენს, 14 მილიარდი. სინამდვილეში, არც ომზეა მიბმული მოცემულობა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნება და ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება, არც უღირსობაზე და ცალ ფეხზე დგომაზე, არც სანქციების დაწესებაზე და ქვეყნის ეკონომიკურ ჩამოქცევაზე. ტყუილია 14 მილიარდიც. მოლაპარაკებების გახსნა ტყუილებით მოანდომონ ხალხს, როგორც ჩანს, დეზინფორმაციის ახალი მიმდინარეობაა. სინამდვილეში, კონტრპროდუქტიული და ანტიევროპულია ასეთი ცრუ ნარატივები. მოლაპარაკებები არა თოთხმეტმილიარდიანი ცრუ მოლოდინის, არამედ წარმატებული შედეგისთვის გვჭირდება. ესაა რეალობა. პირიქით, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით უნდა მოვახერხოთ მოლაპარაკებების გახსნაც და ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრებაც. ასევე, მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ამ ურთულეს გზაზე ყველა ეტაპის გავლა, დღეს კი ქვეყანას მშვიდობა, დამოუკიდებლობის შეუდარებლად მაღალი ხარისხი და კანდიდატის სტატუსი ერთდროულად აქვს. გაგრძელება იქნება“, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.