სატრანსპორტო კომპანია მზად არის, "სითი პარკში" პარკირების მიმართულებით მომუშავე თანამშრომლები დაასაქმოს
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მზად არის დაასაქმოს ყველა თანამშრომელი, რომელიც “სითი პარკში” პარკირების მიმართულებით მუშაობს, – ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა მამუკა კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქალაქში დაჯარიმების კუთხით, “სითი პარკში” დაახლოებით 76-80 ადამიანი მუშაობს, თუმცა ჰყავთ უშტატო თანამშრომლებიც, რაც დაახლოებით 30-40 ადამიანია.
„მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი “სითი-პარკტთან”. შესაბამისად, მოგვიანებით გახდება ცნობილი, ზუსტად რამდენი ადამიანი გამოხატავს მზაობას, ან რამდენი თანამშრომელს მიიღებს სატრანსპორტო კომპანიის შეთავაზებას. ასევე ჩვენ დაგვჭირდება გარკვეული რესურსის მობილიზება, როგორიც არის ევაკუატორების შესყიდვა, დასახაზი პარკინგების ტექნოლოგიის პროცესის შესყიდვა, მასალებისა და მანქანა-დანადგარების შესყიდვა. გაკეთდება შესაბამისი განკარგულება და აღნიშნული პროცესი დაიწყება 11 აპრილიდან”, – განაცხადა მამუკა კობახიძემ.