მამუკა ხაზარაძე - „ლელო“ კატეგორიულად არ მიიღებს მონაწილეობას სირცხვილის კორიდორებში, ჩვენ ახალ სტანდარტს ვამკვიდრებთ, რაც იმასაც გულისხმობს, რომ პატივი ვცეთ ნებისმიერ ამომრჩეველს
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური გაერთიანება სირცხვილის კორიდორებში მონაწილეობას არ მიიღებს.
მისივე თქმით, „ლელოს“ სტანდარტი გულისხმობს ნებისმიერი ამომრჩევლის პატივისცემას და ისინი მხოლოდ მოუწოდებენ ამომრჩევლებს, არ მიიღონ მონაწილეობა მეორე ტურში.
„ოპოზიციური პარტიები მეორე ტურში არ იღებენ მონაწილეობას. თქვენ იცით, რომ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი იმ არჩევნებზე, რომელიც გაყალბდა, არის ერთიანი. „ლელო“ კატეგორიულად არ მიიღებს მონაწილეობას არანაირ სირცხვილის კორიდორებში, რადგან ჩვენ ახალ სტანდარტს ვამკვიდრებთ ქართულ პოლიტიკაში და ეს იმასაც გულისხმობს, რომ პატივი უნდა ვცეთ ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ ამომრჩეველს. ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველა მოქალაქეს პატივს ვცემთ, მათ არჩევანს პატივს ვცემთ, უბრალოდ მოვუწოდებთ, რომ ამ სიყალბეში არ მიიღონ მონაწილეობა. ეს არის ჩვენი მოწოდება მათ მიმართ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ გუშინ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი მოაწყონ. მსგავსი შინაარსის განცხადება ვარშალომიძემ დღესაც გააკეთა.
ამასთან, დღესვე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ არჩევნები ყველგან გაყალბებულია და შესაბამისად, ყველგან მოეწყობა სირცხვილის კორიდორი.