მამუკა ბახტაძე - ჭარბვალიანობა არის მძიმე ისტორიული მემკვიდრეობა, რომელსაც პრინციპული ნაბიჯების გადადგმა სჭირდებოდა
მამუკა ბახტაძე - ჭარბვალიანობა არის მძიმე ისტორიული მემკვიდრეობა, რომელსაც პრინციპული ნაბიჯების გადადგმა სჭირდებოდა

არასაბანკო სექტორში არსებულმა პრობლემებმა ჭარბვალიანობაზე დიდი გავლენა იქონია, ვიდრე ეროვნულ ბანკში არ მოხდა ხელმძღვანელობის შეცვლა, ეს საკითხი ღიად დარჩა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ჭარბვალიანობის პრობლემის გადასაჭრელად დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

„რაც შეეხება დღევანდელ მართლაც მნიშვნელოვან ნაბიჯს, ჩვენ ამას განვიხილავთ ჭარბავალიანობასთან ბრძოლის პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად, ეს არის ისტორიულად დაგროვილი პრობლემა და ჩვენ მივაღწიეთ ნიშნულს, როდესაც აქტიური მოსახლეობის თითქმის მესამედი არის შავ სიაში. ბევრმა ალბათ შეიძლება გაიხსენოს, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს ვამახვილებდი ამაზე ყურადღებას, შემდეგ როდესაც მთავრობის დამტკიცება მოხდა პარლამენტში და შემდეგ უკვე ერთ-ერთ პირველ მთავრობის სხდომაზე მე ავიღე ვალდებულება, რომ უკვე შემოდგომაზე ჩვენ გადავდგამდით ისეთ პრინციპულ ნაბიჯს, რომელიც ამ ე.წ. შავი სიის პრობლემას მოაგვარებდა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ჭარბვალიანობა ერთგვარი სისტემური რისკი რომ გახდა, უკვე  პრობლემაა, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებაზე უფრო პრინციპული მიდგომა ადრე იყო გამოსავლენი.

„ეს მემკვიდრეობა ჩვენ ისტორიულად გვერგო. ისიც კი ვერ მოვახერხეთ, რომ არათუ ჭარვალიანობასთან ბრძოლა, არამედ არასაბანკო სექტორი მოგვექცია დროულად ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ. არასაბანკო სექტორში არსებულმა პრობლემებმა დიდი გავლენა იქონია. ისიც უნდა ითქვას, რომ ვიდრე ეროვნულ ბანკში არ მოხდა ხელმძღვანელობის შეცვლა, ეს საკითხი ღიად დარჩა. მე არ მინდა, არავისკენ გავიშვირო ხელი, როდესაც არის პრობლემა, ის უნდა მოგვარდეს პრინციპულად. ფაქტი არის ერთი, ეს არის მძიმე ისტორიული მემკვიდრეობა, რომელსაც სჭირდებოდა პრინციპული ნაბიჯების გადადგმა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, მიდგომა, როგორ უნდა განვითარდა საქართველოს საკრედიტო ურთიერთობები, მათი დიდი ნაწილი იყო ძალიან მახინჯი, ეს იყო უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემა, რომელიც ხშირ შემთხვევაში თაღლითურ ფორმაში გადაიზარდა.

„ადამიანი ისესხებდა 100 ლარს, გადაიხდიდა 700 ლარს შემდეგ ჯარიმას 100 ლარიდან უანგარიშებდნენ ან ისეთ სესხებზე, რომელიც იყო გარკვეული ქონებით გარანტირებული. თუ ვერ ხდებოდა სესხის დაფარვა, გადადიოდა ეს ვალდებულება სხვა ქონებაზე, ხალხი ბინას კარგავდა ან სხვა მოძრავ, ან უძრავ ქონებას. ფაქტობრივად არ იყო არანაირი წესები ჯარიმებზე და საურავებზე. ეს ყველაფერი გახდა ერთგვარი სტატუს კვოს ნაწილი. ამ ყველაფერმა გამოიწვია პრობლემების დაგროვება და ჩვენ მივიღეთ ისეთი მასშტაბის პრობლემა, რომელსაც ერთი გადაწყვეტილებით ვერ მოგვარდება. ამას დარჭირდა რამდენიმე ფაზა – პირველი, ჩვენ დავიწყეთ ახალი დაკრედიტების სისტემა მას დავარქვით პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს შემოღება, რომელიც აპრობირებულია ყველა წამყვან ქვეყანაში. ჩვენ ამით შევძელით, რომ დაგვეზღვია რისკებისგან ჩვენი მოქალაქეები ახალ აღებულ სესხებზე, მაგრამ ძველ სესხებს ამით ჩვენ ვერ ვუშველიდით. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო სხვა პრინციული ნაბიჯის გადადგმა, ამ შემთხვევაში ის, რომ ეს შავი სია სადაც 700 ათასი ადამიანზე მეტია, შეგვემცირებინა და სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება დღევანდელი ნაბიჯი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.