მამუკა ბახტაძის ინიციატივით, მედიკამენტების ადგილობრივი წარმოება დღგ-ისგან გათავისუფლდება
ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წამყვანი როლი უჭირავს კერძო სექტორს და მისი წილი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.
„ამ კუთხით პრიორიტეტია ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება, რისთვისაც განვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას. სიღარიბე დაკავშირებულია ძალიან ბევრ ფაქტორთან. მათ შორის, რასაც მე ვუწოდებ, არასამართლიან წესებს, რაშიც უწევდა ხშირად მეწარმეებს ფუნქციონირება. აქედან გამომდინარე, ჩვენი შემოთავაზებაა, რომ ერთ-ერთი პირველი რეფორმა, რაც უნდა განხორციელდეს 2013 წლის პირველ იანვრამდე არსებული საგასახადო დავალიანების ჩამოწერა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, გაეჩერებინათ ფუნქციონირება ასეთი დავალიანების გამო. ამ დავალიანების დიდი ნაწილი წარმოქმნილია 2011-2012 წლებში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ შევინარჩუნოთ სისტემური მიდგომა, ჩვენი შემოთავაზებაა ის გავრცელდეს ყველა ორგანიზაციაზე, რომელსაც დაერიცხა დავალიანება და ვალების გამო შეწყვიტა ფუნქციონირება. ავიღოთ ამის თარიღად 2013 წლის პირველი იანვარი“, – აღნიშნა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ინიცირებულია დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების რეფორმა.
„2018 წლის ბოლომდე დაინერგება საგასადახადო ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების რეჟიმი ადამიანური რესურსის ჩართულობის გარეშე, რაც გააჯანსაღებს ბიზნესგარემოს. 2018-2020 წლებში მილიარდ-ნახევარ ლარზე მეტი დაუბრუნდება ბიზნეს და ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ერთობლივად ავიღეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან“, – განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, დაწესდება დამატებითი შეღავათები, რაც მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი იქნება ქართული პროდუქციის წარმოებისათვის.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არასამართლიან წესებზე, ის მაგალითი, რომელსაც მე მოგიყვანთ, არის ამის ყველაზე ნათელი გამოვლინება. ეს შეეხება ფარმაციის სფეროს. ჩვენ მივიღეთ ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელმაც სამწუხაროდ საქართველო გახადა იმპორტზე ორიენტირებულ ქვეყნად. მაგალითისთვის დღეს ფარმაციის იმპორტიორები იხდიან უფრო ნაკლებ გადასახადს, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები. რა თქმა, უნდა, ეს არის სრულიად მიუღებელი, მით უმეტეს შეეხება ისეთ სენსიტიურ სექტორს, როგორიცაა ფარმაცია და წამლები. თქვენ თუ ნახავთ უახლოეს კვლევებს, ნათლად დაინახავთ, რომ ჩვენი მოსახლეობის ხარჯის ძალიან დიდი ნაწილი მიდის სწორედ წამლების შესყიდვაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი შემოთავაზება იქნება, რომ გავათავისუფლოთ წარმოება დღგ-ის გადასახადისგან და ამით შევუქმნათ მათ თანაბარი პირობები, რომ გასწიონ კონკურენცია და მოიძიონ დამატებითი ინვესტიციები, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და რაც მთავრია, კონკურენციაში შევიდნენ იმპორტირებულ პროდუქციასთან“, – აღნიშნა ბახტაძემ.