მამუკა ბახტაძემ სენატორ ლინდსი გრემს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
აშშ-ის სენატის მართლმსაჯულების კომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ლინდსი გრემი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებასა და საქართველოს მხარდაჭერას აშშ-ისთვის მნიშვნელოვან ოპერაციებში მაღალ შეფასებას აძლევს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც სენატორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას აღნიშნა, მისასალმებელია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისკენ მიმართული ძალისხმევა.
საუბრისას ითქვა, რომ საქართველო არის ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა ფართო რეგიონში, სადაც ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობები არსებობს.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო არის სტაბილური დემოკრატიის, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების, მზარდი ეკონომიკის და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მქონე ქვეყანა, რომელიც აფასებს აშშ-ის მნიშვნელოვან წვლილს მიღწეულ წარმატებაში და მზად არის, მომავალში კიდევ უფრო გააღრმავოს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული მტკიცე პარტნიორობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის მაღალ დონეზე და ხაზი გაესვა იმ მხარდაჭერის უდიდეს მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების სენატისა და კონგრესისგან.
პრემიერ-მინისტრმა სენატორ გრემს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.