მამუკა ბახტაძემ ლისაბონში, ვებსამიტში მიიღო მონაწილეობა. ინტერნეტ ტექნოლოგიების ერთ-ერთ უმსხვილეს ფორუმზე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი უცხოელ პოლიტიკოსებთან ერთად დისკუსიაში ჩაერთო.
განხილვის თემა დემოკრატია, მისი დასუსტების თუ გაძლიერების პროცესი იყო. საუბრის დროს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში ინტერნეტ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
„აუცილებელია, დემოკრატია გავიგოთ, როგორც გადაწყვეტილებების მიმღები ფენომენი. ჩვენს ქვეყანაში ფეისბუქი არის საკმაოდ მძლავრი და თავისებური წვლილი შეაქვს დემოკრატიის განვითარებაში, თუმცა კონტროლს არ ექვემდებარება იმ კონტენტის კუთხით, რომელსაც სოციალური ქსელი წარმოქმნის. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესი სოციალური მედიის მიერ არ არის მიკერძოებული“, – განაცხადა ბახტაძემ.
პორტუგალიის დედაქალაქში გამართული ვებსამიტი საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აიტიფორუმია. ღონისძიების ფარგლებში წელს სამიტს 170 ქვეყნიდან 70 ათასი ადამიანი დაესწრება. პარალელურ რეჟიმში რიგ საკითხებთან დაკავშირებით ფორუმის ფარგლებში დისკუსიები გაიმართა.
ინტერნეტის საშუალებით ვებფორუმზე ედვარდ სნოუდენიც ჩართეს. აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილმა კონტრაქტორმა საერთაშორისო ინტერნეტის საშიშროებებზე ისაუბრა.