მამუკა ბახტაძე ვილნიუსის უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ესაუბრა
მამუკა ბახტაძე ვილნიუსის უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ესაუბრა

საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვილნიუსის უნივერსიტეტის ქართველ და ლიეტუველ სტუდენტებს, რომლებიც ქართულ ენას სწავლობენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა განათლების ფუნდამენტური რეფორმისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე, რაც ქვეყნის წარმატების უმთავრესი წინაპირობაა. პრემიერმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა განათლების სფეროში დაგეგმილი სიახლეების შესახებ, რომელიც სისტემის ყველა საფეხურს შეეხება.

მამუკა ბახტაძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და აღნიშნა, რომ ევროპა არის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი და ერთადერთი ოჯახი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად ეკუთვნის.

საქართველოს პრემიერმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტი ირჩევს ლიეტუვას უმაღლესი განათლების მისაღებად, ასევე მადლობა გადაუხადა ლიეტუველ სტუდენტებს, რომლებიც ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართულ ენას სწავლობენ.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის „სტარტაპების“ განვითარების კუთხით ლიეტუვის წარმატებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სტუდენტების შეხვედრა ვილნიუსის უნივერსიტეტის მე-16 საუკუნის ბიბლიოთეკაში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მამუკა ბახტაძემ როგორც ქართველი, ისე ლიეტუველი სტუდენტების კითხვებს უპასუხა.

სტუდენტებთან შეხვედრამდე საქართველოს პრემიერმა უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზი და წმინდა იოანეს ტაძარი დაათვალიერა, ასევე საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.