მამუკა ბახტაძე - უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს მიეცემათ გონივრული ვადა, რათა დააკმაყოფილონ ევროკავშირის სტანდარტები
უმაღლეს სასწავლებლებს, ისე, როგორც პროფესიულ სასწავლებლებს, მიეცემათ გონივრული ვადა იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ ევროკავშირის სტანდარტები, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში გაცემული ნებისმიერი დიპლომი იქნება თავსებადი ევროპულ სტანდარტებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, თუ მას ამის სურვილი ექნება, თავისუფლად დასაქმდება ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, თუმცა პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის პრიორიტეტია, პროფესიონალებით ადგილობრივი ეკონომიკა იყოს უზრუნველყოფილი.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ პროფესიულ სწავლებაზე. ჩვენ ავირჩიეთ სამი ქვეყნის გამოცდილება – გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის, ვინაიდან, სწორედ ამ ქვეყნების გამოცდილება ითვლება ყველაზე წარმატებულად პროფესიული განათლების თვალსაზრისით. ამ მიმართულების მთავარი მიზანი იქნება, რომ მოქალაქეები მყისიერად უზრუნველყოფილი იქნებიან სამსახურით მას შემდეგ, რაც გაივლიან პროფესიული სწავლების კურსს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავარი აქცენტი გაკეთდება ხარისხზე.
„დაფინანსების ის სისტემა, რომელიც უმაღლეს განათლებაში გვაქვს, ორიენტირებულია რაოდენობაზე და არა ხარისხზე. ჩვენ ამას აუცილებლად შევცვლით. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში გაცემული დიპლომები იქნება სრულად თავსებადი ევროპულ სტანდარტებთან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.