მამუკა ბახტაძე უახლოეს მომავალში მწვანე ეკონომიკის განვითარების სტრატეგიას წარადგენს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, უახლოეს მომავალში, მწვანე ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციას გამართავს, – ამის შესახებ პრემიერმა დღეს, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მწვანე ეკონომიკა მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტია.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სტრატეგიის წარდგენისას, ის ყველა კომპონენტზე ისაუბრებს.
„ბუნებრივია, ამ სტრატეგიაში თბილისს აქვს უნიკალური როლი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი მივმართოთ ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან, რომ თბილისში უახლოესი თვეების განმავლობაში, პრინციპულად შევცვალოთ ის ეკოსისტემა, რაც უკაშირდება ზოგადად, სატრანსპორტო სისტემას, რომელიც ძალიან არაეფექტიანია“, – განაცხადა პრემიერმა.
მან ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„თითოეული თქვენგანის დამოკიდებულება ვიცი, რამდენი ყვითელი ავტობუსი გაივლის, გულში რას ფიქრობთ. დამერწმუნეთ, მეც იგივეს ვფიქრობ, მაგრამ ამის აღმოფხვრა ერთ-ორ კვირაში იყო შეუძლებელი. თუმცა ის გრაფიკი, რომელსაც მერია წარმოგვიდგენს, მართლაც ძალიან ამბიციურია. განვითარებული ქვეყნების დედაქალაქებსაც კი უჭირთ ისე მოკლე დროში ჩაანაცვლონ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც თბილისის მერია გააკეთებს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძემ თბილისის მერს კახა კალაძეს და მერიის თანამშრომლებს ახალ სატრანსპორტო პოლიტიკაზე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა გამოუცხადა.
„მათ აქვთ სრული მხარდაჭერა და დამერწმუნეთ, უახლოეს პერიოდში, თბილისის სატრანსპორტო სისტემა ხარისხობრივად განსხვავებული და ევროპული იქნება.