მამუკა ბახტაძე - ტყე არის საქართველოს სიმდიდრე, მას უნდა გავუფრთხილდეთ და განვავითაროთ
ტყე არის საქართველოს სიმდიდრე, მას უნდა გავუფრთხილდეთ და განვავითაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი გარემოსდაცვითი კონცეფციის – „მწვანე ეკონომიკის“ წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, დღეს, გამწვანებაზე ფიქრი ყველა ჩვენგანის ვალი და ამოცანაა.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია ტყეზე ზრუნვა. იცით, რომ ამ მხრივ ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა. ის სურათი, რაც ჩვენ ბოლო წლებში მივიღეთ, შეიძლება ითქვას, რომ ბევრ რეგიონში ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა.
დღეს მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გახლავთ კლიმატური ცვლილებები და იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში ასეთი გამოწვევები არსებობს, კიდევ უფრო მძიმე ტვირთად გვაწვება ის მდგომარეობა, რაც საქართველოში გვაქვს ტყის მოვლის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ჩვენი პოლიტიკა იქნება ძალიან პრინციპული და თანმიმდევრული. ტყე არის საქართველოს სიმდიდრე, მას უნდა გავუფრთხილდეთ და ის უნდა განვავითაროთ. კარგად მესმის, რომ იმ სიღარიბის ფონზე, რაც დღეს საქართველოში გვაქვს, ძალიან რთულია, ვთქვათ რადიკალური უარი სხვადასხვა მიმართულებით ტყის გამოყენებაზე, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ამ მიმართულებით პრინციპული ნაბიჯების გადადგმა არ დავიწყოთ. ჩვენ მთავრობის გასულ სხდომაზე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა გამოვაცხადეთ, რომლის მიხედვითაც საქართველოში იმპორტირებული ხე-ტყის შემოტანას წავახალისებთ. ამასთან ერთად, ჩვენ საქართველოდან შევზღუდავთ ე.წ მორისა და ხის ფიცრის გატანას. ეს არ არის ის ღირებულება, რომელიც საქართველოში ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. არა, ეს მხოლოდ აჩანაგებს ჩვენს მთავარ სიმდიდრეს – ტყის საფარის მოცულობას საქართველოში. ჩვენ წავახალისებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც საქართველოში შექმნის სამუშაო ადგილებს და განავითარებს მაღალი ღირებულების მქონე სექტორებს. ამასთან ერთად, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ ტყის დაცვის პოლიტიკაში, რომ ტყის მართვის პროცესში სწორედ ადგილობრივი მოსახლეობა იყოს დასაქმებული. ეს სამუშაო ადგილები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და გარწმუნებთ, ამ სამუშაო ადგილების რაოდენობა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ შევძლოთ და ადგილზე უზრუნველვყოთ სტაბილური შემოსავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძის თქმით, ბევრი წამყვანი ეკონომისტის მოსაზრებით, 21-ე საუკუნეში სწორედ მწვანე ეკონომიკას აქვს ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მოტანის საშუალება.
„ჩვენი მცირე ეკონომიკისთვის ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა, მაგრამ ამ მისი გამოყენებისთვის აუცილებელია, თანმიმდევრულნი ვიყოთ ჩვენს ნაბიჯებში. გარწმუნებთ, რომ ამ რეფორმის შედეგად ჩვენ საქართველოში მივიღებთ სრულიად უნიკალურ გარემოს და ეს კაპიტალიზაცია შეეხება ნებისმიერ მიმართულებას. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში უძრავი ქონების ფასი უფრო მაღალი იქნება, ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ფლობენ, როგორც მიწის ნაკვეთებს, ბინებს თუ კერო სახლებს, უფრო მეტი კაპიტალის მფლობელები გახდებიან. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია იქნება უფრო კონკურენტუნარიანი და ჩვენ შევძლებთ, ავითვისოთ ის უნიკალური საშუალება, რასაც გვაძლევს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, როგორც ჩინეთთან, ასევე – ევროკავშირის ქვეყნებთან.
რაც მთავარია, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა, განათლების სექტორის ფუნდამენტურ რეფორმასთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე მთავარს, რომ საქართველო იყოს განვითარებული ეკონომიკის, ნამდვილი ევროპული ინსტიტუტების მქონე ქვეყანა და ეს გახდება ერთადერთი უალტერნატივო წინაპირობა ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის, რომ ჩვენ ერთად ვაშენოთ ძლიერი და ევროპული საქართველო“, – აღნიშნა პრემიერმა.