მამუკა ბახტაძე - თავისუფალი ვაჭრობით შევძლებთ ჩვენი მცირე ეკონომიკის ინტეგრირებას მსოფლიო ბაზარზე, მაგრამ უსამართლო ვაჭრობას მხარი არ უნდა დავუჭიროთ
თავისუფალი ვაჭრობა არის ის ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა, რითაც შევძლებთ ჩვენი მცირე ეკონომიკის ინტეგრირებას მსოფლიო ბაზარზე, მაგრამ უსამართლო ვაჭრობას მხარი არ უნდა დავუჭიროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რამდენიმე გაერთიანებულ კომიტეტზე განაცხადა.
მისი თქმით, ადგილობრივი მწარმოებლებისგან განსხვავებით, ფარმაციის დარგში იმპორტიორები გათავისუფლებული არიან დღგ-სგან და საჭიროა, დამკვიდრდეს განახლებული სამართლიანი წესები.
„ეკონომიკური რეფორმების სია პროგრამაშია, რომელიც საკმაოდ ვრცელია, მაგრამ თითოეული მათგანი არის ძალიან პრინციპული და ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველოში განვავითაროთ მეწარმეობა. ამის მაგალითად მე შემიძლია მოვიყვანო ის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ფარმაცევტული ქარხნებისა და აქტივების და მათი საქმიანობის გათავისუფლებას დღგ-ს გადასახადისაგან. სწორედ ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ აღმოჩნდა ისე, რომ საქართველო გახდა იმპორტზე ასე ტოტალურად დამოკიდებული ქვეყანა. დღეს საქართველოში, ფარმაციის დარგში, იმპორტირებული საქონელი და იმპორტიორები გათავისუფლებული არიან დღგ-სგან, მაშინ როდესაც ადგილობრივი წარმოებები იხდიან დღგ-ს და თან ამ დღგ-ს მერე ვეღარ ითვლიან. ამავე დროს მინდა შეგახსენოთ, რომ ფარმაცევტული პროდუქცია წარმოადგენს ჩვენი იმპორტის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ჯგუფს.
ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ მე ვარ თავისუფალი ვაჭრობის ძალიან დიდი მხარდამჭერი. თავისუფალი ვაჭრობა არის ის ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა, რითაც ჩვენ შევძლებთ ჩვენი მცირე ეკონომიკის ინტეგრირებას მსოფლიო ბაზარზე. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უსამართლო ვაჭრობას მხარი არ უნდა დავუჭიროთ. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვსაუბრობ უსამართლო თამაშის წესებზე ჩვენს ეკონომიკურ მოდელში. ბუნებრივია, ჩვენ ეს შეიძლება მივიღეთ მემკვიდრეობით, მაგრამ საჭიროა, რომ განახლებული სამართლიანი წესები დავამკვიდროთ, რაც შეიძლება დროულად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.