მამუკა ბახტაძე - სწორედ „ქართული ოცნება“ არის გარანტი, რომ საქართველოში თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები ტარდება 
მამუკა ბახტაძე - სწორედ „ქართული ოცნება“ არის გარანტი, რომ საქართველოში თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები ტარდება 

2012 წლიდან სწორედ „ქართული ოცნება“ არის გარანტი იმისა, რომ საქართველოში ტარდება თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებაზე განაცხადა, რომლის თანახმად, ვალების ჩამოწერის ინიციატივა ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვას წარმოადგენს.

პრემიერის თქმით, ყველა არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარდა, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიც მოწმობს.

„პირადად ვიყავი ჩართული და ვთხოვე ჩვენს მეგობრებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომ გაზრდილიყო დამკვირვებელთა რაოდენობა. ჩვენ გვაქვს საქმე ისეთ ოპონენტთან, რომელსაც არაერთხელ უკადრებია, რომ გარკვეული სცენები დაედგა. ამასაც ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ რაზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ, ბუნებრივია, ნებისმიერ დარღვევასა თუ ხარვეზზე რეაგირება უნდა იყოს ძალიან მკაცრი. თუ მართლა ჰქონდა ადგილი ასეთ შემთხვევებს, შესაბამისი ორგანოები მოახდენენ ძალიან ოპერატიულ რეაგირებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ყველა ნახავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ტარდება.

„დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი, ისევე, როგორც ჩვენი მეგობრები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ევროპული სტრუქტურებიდან, აუცილებლად ნახავენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არჩევნები ტარდება უმაღლესი სტანდარტით“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.