მამუკა ბახტაძე - შშმ პირთა პირადი გამოყენებისთვის იმპორტირებული ავტომობილი სააქციზო გადასახადისგან თავისუფლდება
მამუკა ბახტაძე - შშმ პირთა პირადი გამოყენებისთვის იმპორტირებული ავტომობილი სააქციზო გადასახადისგან თავისუფლდება

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პირადი გამოყენებისთვის იმპორტირებული ავტომობილი სააქციზო გადასახადისგან გათავისუფლდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენი ინიციატივა გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პირადი გამოყენების მიზნით იმპორტირებული ავტომობილების გათავისუფლებას სააქციზო გადასახადისგან. ჩემი შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, ვინაიდან როგორც წესი, ადაპტირებული მანქანების საბაზრო ღირებულება ძალიან მაღალია. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად გავათავისუფლოთ სააქციზო გადასახადისგან მსგავსი ავტომობილები. შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც სჭირდებათ აღნიშნული სახის სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, შესაძლებლობა ექნებათ აქციზისგან გათავისუფლებულ რეჟიმში, სამ წელიწადში ერთხელ შეისყიდონ შესაბამისი ავტომობილი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მისი თქმით, სიახლეები იგეგმება ავტომობილების რეექსპორტის ბიზნესის ხელშეწყობის კუთხითაც.

„შარშან ძალიან კარგი სტატისტიკა დაფიქსირდა მანქანების რეექსპორტის თვალსაზრისით. ბევრი ადამიანია დაკავებული ამ საქმიანობით და გადავწყვიტეთ, კიდევ უფრო გავამარტივოთ და ხელი შევუწყოთ აღნიშნულ სექტორს. ჩვენი ინიციატივით, იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში გაფორმდება საექსპორტო რეჟიმში, ანუ მოხდება ავტომობილის რეექსპორტი იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 15 დღის ვადაში, ჩვენ გადახდილი აქციზის 100 პროცენტს ავუნაზღაურებთ. აქამდე 50%-ს ვანაზღაურებდით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ბიზნესის ამ სექტორში საქართველოს პოზიციებს გააძლიერებს და კონკურენტუნარიანობას გაზრდის.