მამუკა ბახტაძე - სამწუხაროდ, პანკისში მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო
სამწუხაროდ, პანკისში მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. პრემიერის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ იხილა ძალიან მძიმე კადრები.
„სამწუხაროდ, პანკისში მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ეს არ შეეფერება არც ჩვენს წარსულს, არც აწმყოს და არც მომავალს, იმ ქვეყანას, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი აშენებს. მე კიდევ ერთხელ მსურს, ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ქვეყნის შვილების მიმართ, რომლებიც ცხოვრობენ ამ ულამაზეს კუთხეში. აქვე, ქართულმა საზოგადოებამ იხილა ის ძალიან მძიმე კადრები და ბუნებრივია, ეს არის დაუშვებელი. ჩვენ გვაქვს მომზადებული, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, პანკისის ხეობის განვითარების გეგმა. პანკისის ხეობაში არსებობს პრობლემები, რომლებიც ისტორიულად დაგროვდა და მას ობიექტურად სჭირდება გადაწყვეტა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, რომ ორ-სამ თვეში ყველა ეს პრობლემა გადაიჭრას რაც იქ არსებობს, მაგრამ ის გეგმა, რომელიც არის წარმოდგენილი და მათ შორის ბევრი ინიციატივა არის ნაკარნახები ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, მე ვფიქრობ ძალიან კარგად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც არის ამ კუთხეში. ჩვენი სამინისტროები ძალიან აქტიურ კონტაქტზე არიან პანკისში მცხოვრებ მოქალაქეებთან. მეც ძალიან ბევრი წერილი მივიღე ამ საკითხთან დაკავშირებით.
ორშაბათსაც იქნება ძალიან საინტერესო შეხვედრა და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან ღირსეულად შევძლებთ გავუმკლავდეთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც შეიძლება არსებობდეს პანკისის ხეობაში. ფაქტი არის ერთი, რაც მოხდა ის არ უნდა მომხდარიყო, თუმცა შემდეგ, ის კომუნიკაცია რაც შედგა, მე მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ გავუმკლავდეთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც არის პანკისის ხეობაში ობიექტურად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ „იმედის“ ეთერში.