მამუკა ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებზე - ეს საკითხი პერიოდულად ისევ და ისევ იწევა, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს
„ქართული ოცნების“ გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის საარჩევნო პროგრამა საზოგადოების მტკივნეულ გამოწვევებს პასუხობდეს, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას შესაძლოა თუ არა შემოდგომაზე მინისტრთა კაბინეტში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ამ კითხვაზე პასუხი არაერთხელ გასცა. „სამწუხაროდ, ეს საკითხი პერიოდულად ისევ და ისევ იწევა. ეს გასაგებია. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს. მთავარი არის პროგრამა“.
მისივე თქმით, პროგრამა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, ეს არის ერთმნიშვნელოვნად სწორი გზა, რათა მოხდეს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა.
„ამაზე უნდა იყოს ძირითადი საუბარი. ჩვენ ვართ გუნდი. გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს ჩვენ გუნდში, რომ ჩვენ 2020 წლის საარჩევნო პროგრამით, რომლითაც წარვდგებით საზოგადოების წინაშე, ის პასუხობდეს ყველა მტკივნეულ გამოწვევას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.