მამუკა ბახტაძე - სამხედროების სოციალური უზრუნველყოფა მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით განსაკუთრებული პროექტია ბინათმშენებლობა
სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, თბილისში 635 ოფიცრისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები აშენდება.
ჩამოყალიბდა ამხანაგობა, რომელსაც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის საჭირო დაახლოებით 10 ჰექტარ მიწას მახათას მთის ტერიტორიაზე მთავრობა პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასად გადასცემს. მთავრობა ასევე უზრუნველყოფს ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების მშენებლობის თანადაფინანსებას.
პროექტის მიმდინარეობასა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებლით უზრუნველყოფისკენ მიმართულ სხვა ნაბიჯებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს თავდაცვის მინისტრსა და ამხანაგობის ხელმძღვანელ სამხედროებს ესაუბრა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, სამხედროების სოციალური უზრუნველყოფა მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ბინათმშენებლობა ამ მიმართულებით განსაკუთრებული პროექტია.
პრემიერმა აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით კიდევ არაერთი პროექტი განხორციელდება.
ამასთან, მამუკა ბახტაძემ თავდაცვის სამინისტროს დაავალა, უახლოეს მომავალში წარადგინოს დროში გაწერილი გეგმა პროექტის მომდევნო ფაზების განხორციელების შესახებ.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებლით უზრუნველყოფისკენ მიმართული პროექტები საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.