მამუკა ბახტაძე - საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის რეფორმა 2023 წლის 1 იანვრამდე გადავადდება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და საფინანსო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის რეფორმა 2023 წლის 1 იანვრამდე გადავადდება. ის 2020 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო.
“ჩვენ გვქონდა კონსულტაციები როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ასევე, საფინანსო სექტორთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოგების გადასახადის რეფორმის ვადა გადავწიოთ 2023 წლის 1 იანვრამდე საფინანსო სექტორისთვის. პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ კაპიტალის ბაზრის რეფორმის მიმართულებით. ვფიქრობთ, ქართულ საფინანსო სექტორს შესაძლებლობა ექნება თავისი შესაძლებლობა წარმოაჩინოს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ საფინანსო სექტორისთვის არსებული საგადასახადო რეჟიმი შენარჩუნდა.
ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს, რომ რეფორმის გადავადება აღნიშნული სექტორის განვითარებას ხელს არ შეუშლის.
საგადასახადო რეფორმის ფარგლებში, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დღეს ექვსი ახალი ინიციატივა განიხილეს.