მამუკა ბახტაძე ქართველ ბიზნესმენებს მიმართავს, დღგ-ს დაბრუნების პროცესში აქტიურად ჩაერთონ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მეწარმეებსა და ქართულ კომპანიებს მოუწოდებს, დღგ-ს დაბრუნების პროცესში აქტიურად ჩაერთონ.
როგორც მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღგ-ს დაბრუნება მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დაიწყო და კერძო სექტორისთვის დღეის მდგომარეობით 280 მილიონი ლარია დაბრუნებული.
„ჩვენ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა, ძალიან მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით, ეს გახლავთ დღგ-ს დაბრუნების სისტემა. დღევანდელი დღის მდგომარეობით თითქმის 280 მილიონი ლარია დაბრუნებული კერძო სექტორისთვის, მაგრამ აქაც არსებობს გარკვეული სტერეოტიპები. სამწუხაროდ, წინა მთავრობის მმართველობის პერიოდში ძალიან მტკივნეული გამოცდილება აქვს ქართულ ბიზნესს დღგ-ს დაბრუნების პროცედურებთან დაკავშირებით, ვინაიდან დღგ-ს დაბრუნება პირდაპირ კავშირში იყო, რომ საწარმოში ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა შესულიყო ან საგადასახადო ორგანოები, ან ფინანსური პოლიცია. ეს იყო ძალიან მავნე პრაქტიკა, რომელმაც ქართული ბიზნესი დააზარალა. მსურს, მოვუწოდო მეწარმეებსა და ქართულ კომპანიებს, უფრო იაქტიურეთ, შეავსეთ განაცხადები. ჩვენი მიზანია, ქართული კომპანიების მიმდინარე წელს ნახევარ მილიარდ ლარამდე თანხა დაუბრუნდეს. ეს პროცესი არის ძალიან კომფორტული, მარტივი და ძალიან მეგობრული. მესმის, რომ წარსულის გამოცდილება ამ ნაწილში არის მძიმე, მაგრამ ჩვენ ერთობლივად უნდა ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე, ახალი, სამართლიანი თამაშის წესები. მოვუწოდებ ქართულ ბიზნესს მაქსიმალურად ჩაერთოს პროცესში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.