მამუკა ბახტაძე - პირველი აგვისტოდან ქვეყანაში ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტის დანერგვას ვიწყებთ
პირველი აგვისტოდან ქვეყანაში ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტის დანერგვას ვიწყებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი გარემოსდაცვითი კონცეფციის – „მწვანე ეკონომიკის“ წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ჰაერის ხარისხზე მონიტორინგის ევროპული სტანდარტების დანერგვის პარალელურად განვითარდება ვებპორტალი, სადაც მოქალაქეები მუდმივ რეჟიმში შეძლებენ ინფორმაციის მიღებას კონკრეტულ ადგილებზე ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით.
„შეიქმნება გარემოს დაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც ეფექტურ კომუნიკაციაში იქნება საზოგადოებასთან. ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტების დანერგვა პასუხობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს. გაიზრდება ჰაერის ხარისხზე მართვის მონიტორინგის ქსელი, რაც საშუალებას მოგვცემს, სწორად დავგეგმოთ ჰაერის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ღონისძიებები სხვადასხვა ქალაქების მიხედვით.
ჩემი ინიციატივა იყო, რომ შემოვიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, ვგულისხმობ გარემოს დაცვის ომბუდსმენს, რომელიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი იქნება, რათა გვქონდეს ძალიან ეფექტური კომუნიკაცია პირდაპირი და უკუკავშირი ჩვენს საზოგადობასთან, რომ მთავრობა იყოს ძალიან ოპერატიული და ეფექტური ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი გახდება მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკა.
„ჩვენი პრიორიტეტია, რომ ეტაპობრივად ჩანაცვლდეს გაუმართავი და ამორტიზებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც პირველ რიგში შეეხება დედაქალაქს. მწვანე პოლიტიკის განხორციელება მთავრობის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, რომლის მთავრი ფოკუსი გარემოს დაცვაა.
ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ გარემოს დაცვით პოლიტიკაში, როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე, იქნება საერთო სტრატეგიისა და საერთო ხედვის ნაწილი. შესაბამისად, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავამკაცროთ გარემოსდაცვითი სტანდარტები და დავუახლოვოთ ის ევროპულ სტანდარტებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, თითოეულ სახელმწიფო უწყებას, მათ შორის, კერძო სექტორს, განესაზღვრება კონკრეტული ვალდებულებები და რეკომენდაციები, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაუმჯობესდეს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა საქართველოში.
„დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ ნორმებთან, თუმცა მომდევნო წლებში უფრო მკაფიო და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურების პრევენციის, ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის განვითარების თვალსაზრისით.
ჩვენ მართლაც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა გვაქვს ურბანულ ქალაქებში და რაც უფრო დიდია ქალაქი, მით უფრო მწვავედ დგას ეს პრობლემა. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას ატმოსფერული ჰაერის დაცვის ეფექტიანი პროგრამები ურბანული ქალაქებისთვის. თითოეულ სახელმწიფო უწყებას, მათ შორის, კერძო სექტორს, განესაზღვრება კონკრეტული ვალდებულებები და რეკომენდაციები, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაუმჯობესდეს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა საქართველოში.
პირველი აგვისტოდან ქვეყანაში ვიწყებთ ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტის დანერგვას, რაც საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება მოხდეს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების გამოყენებით“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.