მამუკა ბახტაძე - ოთხპუნქტიანი გეგმა და პროგრამა, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ” 2016 წელს გაიმარჯვა, არის ახალი პროგრამის განუყოფელი ნაწილი
მამუკა ბახტაძე - ოთხპუნქტიანი გეგმა და პროგრამა, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ” 2016 წელს გაიმარჯვა, არის ახალი პროგრამის განუყოფელი ნაწილი

ბატონო ზურაბ, ძალიან დიდი საიდუმლო მინდა გაგანდოთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი, ისევე როგორც მე, იყო მმართველი ძალის, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრემიერ-მინისტრი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის რეპლიკას, რომ „მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში თითქმის “კოფი-ფეისტით“ არის გადმოტანილი გიორგი კვირიკაშვილის სამთავრობო პროგრამა“.

„ბატონო ზურაბ, თქვენ თქვენი კითხვა დაიწყეთ სიტყვებით, ჰოი, საოცრებავ. ძალიან გაზვიადებული გამოვა რომ გითხრათ, ძალიან დიდი საიდუმლო უნდა გაგანდოთ-მეთქი, მაგრამ მოდით, ასე დავიწყოთ. ბატონო ზურაბ, ძალიან დიდი საიდუმლო უნდა გაგანდოთ – გიორგი კვირიკაშვილი, ისევე როგორც მე, იყო მმართველი ძალის, “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი პრემიერ-მინისტრი.

პროგრამა, რომლითაც 2016 წლის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ პროგრამა წარმოვადგინეთ, განვაცხადეთ, რომ ის ოთხპუნქტიანი გეგმა და პროგრამა, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა 2016 წელს, არის ახალი პროგრამის განუყოფელი ნაწილი.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს არის თავსებადი, იქ არის ბევრი კომპონენტი, რომელიც მეორდება და აუცილებლად განმეორდება, ვინაიდან 2016 წელს სწორედ იმ პროგრამით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში.

რაც შეეხება იმას, რომ რაღაც კომპონენტები არის ამოღებული, საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, მათი ნაწილი ამოღებულია იმიტომ, რომ ის უკვე შესრულებულია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.