მამუკა ბახტაძე - ორშაბათს იქნება ძალიან საინტერესო შეხვედრა და დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გავუმკლავდებით ყველა იმ გამოწვევას, რომელიც შეიძლება არსებობდეს პანკისის ხეობაში
მამუკა ბახტაძე - ორშაბათს იქნება ძალიან საინტერესო შეხვედრა და დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გავუმკლავდებით ყველა იმ გამოწვევას, რომელიც შეიძლება არსებობდეს პანკისის ხეობაში

ორშაბათს იქნება ძალიან საინტერესო შეხვედრა და დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გავუმკლავდებით ყველა იმ გამოწვევას, რომელიც შეიძლება არსებობდეს პანკისის ხეობაში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, სამინისტროები ძალიან აქტიურ კონტაქტზე არიან პანკისში მცხოვრებ მოქალაქეებთან.

„სამწუხაროდ, პანკისში მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ეს არ შეეფერება არც ჩვენს წარსულს, არც აწმყოს და არც მომავალს, იმ ქვეყანას, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი აშენებს. მე კიდევ ერთხელ მსურს, ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ქვეყნის შვილების მიმართ, რომლებიც ცხოვრობენ ამ ულამაზეს კუთხეში. აქვე, ქართულმა საზოგადოებამ იხილა ის ძალიან მძიმე კადრები და ბუნებრივია, ეს არის დაუშვებელი. ჩვენ გვაქვს მომზადებული, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, პანკისის ხეობის განვითარების გეგმა. პანკისის ხეობაში არსებობს პრობლემები, რომლებიც ისტორიულად დაგროვდა და მას ობიექტურად სჭირდება გადაწყვეტა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, რომ ორ-სამ თვეში ყველა ეს პრობლემა გადაიჭრას რაც იქ არსებობს, მაგრამ ის გეგმა, რომელიც არის წარმოდგენილი და მათ შორის ბევრი ინიციატივა არის ნაკარნახები ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, მე ვფიქრობ ძალიან კარგად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც არის ამ კუთხეში. ჩვენი სამინისტროები ძალიან აქტიურ კონტაქტზე არიან პანკისში მცხოვრებ მოქალაქეებთან. მეც ძალიან ბევრი წერილი მივიღე ამ საკითხთან დაკავშირებით.

ორშაბათსაც იქნება ძალიან საინტერესო შეხვედრა და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან ღირსეულად შევძლებთ გავუმკლავდეთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც შეიძლება არსებობდეს პანკისის ხეობაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ „იმედის“ ეთერში.

ამასთან, პრემიერის თქმით, ეკონომიკის განვითარება არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ დამატებითი ენერგიის მიწოდებას ჩვენი ეკონომიკისთვის.

„ფაქტი არის ერთი, რაც მოხდა ის არ უნდა მომხდარიყო, თუმცა შემდეგ, ის კომუნიკაცია რაც შედგა, მე მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ გავუმკლავდეთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც არის პანკისის ხეობაში ობიექტურად. თქვენ ახსენეთ ჰიდროელექტროსადგური, ეკოლოგია და მწვანე პოლიტიკა, რომელიც არის უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენი მთავრობის. ჩვენმა განვლილმა გზამ, მე ვფიქრობ ყველა ამ კითხვას გასცა ძალიან მაღალი სტანდარტის პასუხი. ეს არ არის „ქართული ოცნების“ ხელწერა, რომ ჩვენ განვახორციელოთ პროექტები რეგიონებში, არ აქვს მნიშვნელობა სად, რომ არ გვქონდეს კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და არ გვქონდეს დაცული უმაღლესი ეკოლოგიის სტანდარტები. ბუნებრივია, ჩვენ ამ გზით გავაგრძელებთ სიარულს. ამასთან ერთად, თითოეულ ჩვენგანს კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური გამოწვევები, სიღარიბე არის საქართველოს მტერი და ჩვენ ის უნდა დავძლიოთ.

ეკონომიკის განვითარება არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ ჩვენ დამატებითი ენერგიის მიწოდება ჩვენი ეკონომიკისთვის. იცით, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმპორტი საქართველოში ელექტროენერგიის. ეს კიდევ ერთხელ არის ნათელი დასტური იმისა, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი დადგმული სიმძლავრე ელექტროენერგეტიკაში საქართველოში. სხვანაირად ჩვენ გაგვიჭირდება სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, მაგრამ ბუნებრივია ეს არასდროს არ მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი ხარჯზე და მეორე, ეს არასდროს არ მოხდება ეკოლოგიის ხარჯზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.