მამუკა ბახტაძე - ოპონენტებს სურდათ, 600 ათასზე მეტი მოქალაქისთვის დავალიანების განულების ინიციატივა მათ იდეად გაფორმებულიყო
მამუკა ბახტაძე - ოპონენტებს სურდათ, 600 ათასზე მეტი მოქალაქისთვის დავალიანების განულების ინიციატივა მათ იდეად გაფორმებულიყო

ჩვენს ოპონენტებს სურდათ, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქისთვის დავალიანების განულების ინიციატივა მათ იდეად გაფორმებულიყო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

მისი თქმით, ჭარბვლიანობასა და აღნიშნულ სისტემურ პრობლემაზე საუბარი და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სწორედ მთავრობამ დაიწყო.

„ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდში ვსაუბრობდი ამაზე. უფრო მეტიც, როდესაც პარლამენტში ახალ მთავრობას ვამტკიცებდით, უკვე აგვისტოში, მთავრობის სხდომაზე ავიღეთ კონკრეტული ვალდებულება, რომ შემოდგომაზე გადავწყვეტდით ე.წ. შავი სიის პრობლემას. რაც დაიდგა კვირას, ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რა თქმა უნდა, არის ღიმილისმომგვრელი. სურდათ გარკვეული ნაბიჯები გადაედგათ, რომ ეს ინიციატივა გაფორმებულიყო მათ იდეად. შესაბამისად, ამ მოსაზრებას არანაირი რეალური არგუმენტაცია არ აქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, მთავრობა განაგრძობს ჭარბვალიანობასთან ბრძოლას, რათა შექმნას პირობები, რომ ქვეყანაში ჭარბვალიანობა საბოლოოდ აღმოიფხვრას.

„გუშინდელი ინიციატივა არის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული ნაბიჯი ამ გზაზე. კიდევ გავაგრძელებთ ახალ ინიციატივებს და ამ პრობლემებს აუცილებლად მოვაგვარებთ საქართველოში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.