საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვია. საქართველოს მთავრობის მეთაურს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ლიეტუვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი დახვდა.
21 იანვარს მამუკა ბახტაძეს ლიეტუველი კოლეგა საულიუს სკვერნელისი უმასპინძლებს. გაიმართება მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან.
მამუკა ბახტაძე გვირგვინით შეამკობს ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის დაღუპული გმირების მემორიალს, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ჯარისკაცის, კაპიტან დათიკო მაჭავარიანის საფლავს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ასევე ესტუმრება ვილნიუსის უნივერსიტეტს, სადაც ქართველ და ლიეტუველ სტუდენტებს შეხვდება და მათ კითხვებს უპასუხებს.
ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ხათუნა სალუქვაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი დაემთხვა სიმბოლურ წელიწადს.
„წელს სრულდება საქართველო-ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი. გარდა ამისა, გასულ წელს იყო ასწლეულის აღნიშვნა როგორც ლიეტუვის რესპუბლიკისათვის, ასევე საქართველოსათვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან და მთელი წელი გახლდათ სიმბოლიზმით დატვირთული. სწორედ ასეთი შესანიშნავი გარემო არის ვიზიტისათვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს, ბატონ საულიუს სკვერნიალისს. მას ასევე ექნება შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურთან, ქალბატონ დალია გრიბაუსკაიტესთან, ლიეტუვის პრეზიდენტთან. შეხვედრებისას განხილული იქნება როგორც ორმხრივი ურთიერთობები ლიეტუვასა და საქართველოს შორის, ასევე აუცილებლად იქნება საუბარი იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში იქნება განხილული არამხოლოდ პოლიტიკური ურთიერთობები, რომელმაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, ასევე დიდი მნიშვნელობა დაეთმობა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განხილვას, სავაჭრო ბრუნვას, რომელიც ყოველწლიურად არის მზარდი, ტურისტების რიცხვის ასევე მზარდ ტენდენციას, ხალხთა შორის და კულტურულ ურთიერთობებს, რომელიც ასევე განსაკუთრებულია ორ ქვეყანას შორის. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება ვილინიუსის ქართველ სტუდენტებს და ლიეტუველ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ქართულ ენას ვილნიუსის უნივერსიტეტში მოქმედ ქართული ენისა და კულტურის ცენტრში“, – განაცხადა ხათუნა სალუქვაძემ.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი, ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია იმყოფებიან.