მამუკა ბახტაძე - მოსახლეობის ხარჯების დიდი ნაწილი წამლების შესყიდვაზე მიდის, ამიტომ ჩვენი შემოთავაზება იქნება, გავათავისუფლოთ წარმოება დღგ-სგან
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე ერთ-ერთ მთავარ საკითხად ფარმაცევტულ ბაზარზე თამაშის თანაბარი პირობების დამკვიდრებას მიიჩნევს.
ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.
„ფარმაციის იმპორტიორები იხდიან უფრო ნაკლებ გადასახადს, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები. რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად მიუღებელი, მით უმეტეს, რომელიც შეეხება ისეთ სენსიტიურ სექტორს, როგორიცაა ფარმაცია და წამლები“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, უახლესი კვლევებით ნათლად ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობის ხარჯების ძალიან დიდი ნაწილი წამლების შესყიდვაზე მიდის.
„აქედან გამომდინარე, ჩვენი შემოთავაზება იქნება, რომ გავათავისუფლოთ წარმოება დღგ-ს გადასახადისგან და ამით შევუქმნათ მათ თანაბარი პირობები, რომ გასწიონ კონკურენცია და მოიზიდონ დამატებითი ინვესტიციები, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და რაც მთავარია, კონკურენციაში შევიდნენ იმპორტირებულ საქონელთან“, – დასძინა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გუშინ პარლამენტის რამდენიმე გაერთიანებულ კომიტეტზე განაცხადა, რომ ადგილობრივი მწარმოებლებისგან განსხვავებით, ფარმაციის დარგში იმპორტიორები გათავისუფლებული არიან დღგ-სგან და საჭიროა, დამკვიდრდეს განახლებული სამართლიანი წესები.