მამუკა ბახტაძე - მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რათა იაპონიაში ჩვენი ექსპორტი ათჯერ გავზარდოთ 
მამუკა ბახტაძე - მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რათა იაპონიაში ჩვენი ექსპორტი ათჯერ გავზარდოთ 

ვფიქრობ, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რათა რვაჯერ, ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა იაპონიაში ვიზიტი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაცია ძალიან აქტიური ნაბიჯებით მიმდინარეობს.

„იაპონია არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ბაზარი ჩვენი ღვინისთვის. ძალიან საინტერესო გამოფენა გავხსენით, სადაც გამოყენებულია უნიკალური ტექნოლოგიები, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ორგანიზატორს მადლობა გადავუხადო. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ტექნოლოგიურ ლიდერ კომპანია „სონის“ (Sony), რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მიიღოს მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იაპონიიდან, მათ შორის მაღალი ტექნოლოგიების სფეროში.

„ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რამდენიმე მსხვილ მოთამაშესთან. ამასთან ერთად, გავაფორმეთ მემორანდუმი იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიასთან, „ნექსისთან“ (NEXI), რომელიც ჩვენ დაგვეხმარება იაპონიიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, იაპონია ითვლება ასევე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად სკოლამდელ განათლებაში და საქართველოსთვის ამ მიმართულებით იაპონიის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

„ჩვენი დიდი ეროვნული იდეის პირველი საფეხური -სკოლამდელი განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და გვინდა, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება გამოვიყენოთ ამ თვალსაზრისით. ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, იაპონური გამოცდილება როგორც სკოლამდელი ასაკის განათლებაში, ასევე პროფესიულ განათლებაში დაგვეხმარება, რომ ეს ისტორიული რეფორმა იყოს წარმატებული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.