იაპონიის პრემიერი - აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე უკრაინას რუსეთის შეტევის წინაშე დაცემის საფრთხე ემუქრება, რაც იქნება კატასტროფა, რომელმაც შესაძლოა, ჩინეთი წაახალისოს და გამოიწვიოს ახალი კრიზისი
იაპონიის პრემიერი - აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე უკრაინას რუსეთის შეტევის წინაშე დაცემის საფრთხე ემუქრება, რაც იქნება კატასტროფა, რომელმაც შესაძლოა, ჩინეთი წაახალისოს და გამოიწვიოს ახალი კრიზისი

აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე უკრაინას რუსეთის შეტევის წინაშე დაცემის საფრთხე ემუქრება, რაც იქნება კატასტროფა, რომელმაც შესაძლოა, ჩინეთი წაახალისოს და გამოიწვიოს ახალი კრიზისი აღმოსავლეთ აზიაში, – ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ეს აშშ-ის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის გაერთიანებულ სხდომაზე იაპონიის ლიდერის პირველი გამოსვლა იყო ბოლო ცხრა წლის განმავლობაში. ის, სინძო აბეს შემდეგ, იაპონიის მეორე პრემიერია, რომელმაც კონგრესის გაერთიანებულ სხდომას მიმართა.

ფუმიო კიშიდამ ამერიკელებს მოუწოდა, არ შეეპაროთ ეჭვი ამერიკის შეუცვლელ როლში გლობალურ საკითხებში.

„მინდა, მივმართო იმ ამერიკელებს, რომლებიც გრძნობენ მარტოობას და დაღლილობას იმის გამო, რომ წარმოადგენენ ქვეყანას, რომელიც იცავს საერთაშორისო წესრიგს. აშშ-ის ლიდერობა შეუცვლელია. აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, რამდენ ხანში დაეცემა უკრაინის იმედები მოსკოვის შეტევის ქვეშ? ადგილზე აშშ-ის წარმომადგენლობის გარეშე, რამდენ ხანში აღმოჩნდება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი კიდევ უფრო სასტიკი რეალობის წინაშე?“ – განაცხადა კიშიდამ.

კიშიდას თქმით, მსოფლიო ისტორიულ, გარდამტეხ ეტაპზეა, როდესაც თავისუფლებასა და დემოკრატიას საფრთხე ემუქრება.

მან ასევე ისაუბრა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის საფრთხეზე და ფხენიანის მიერ რუსეთისთვის რაკეტების მიწოდებაზე. თუმცა, მისი თქმით, მსოფლიოსთვის ყველაზე დიდ გამოწვევას ჩინეთი წარმოადგენს.

„ჩინეთის ამჟამინდელი საგარეო პოზიცია და სამხედრო ქმედებები წარმოადგენს უპრეცედენტო და უდიდეს სტრატეგიულ გამოწვევას არა მხოლოდ იაპონიის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის. დღევანდელი უკრაინა შეიძლება იყოს ხვალინდელი აღმოსავლეთ აზია“, – განაცხადა იაპონიის ლიდერმა.