მამუკა ბახტაძე - მინისტრთა კაბინეტში ახალ სახეებთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტში ახალ სახეებთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულდა.
როგორც მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს წარედგინება იმ ვადებში, როგორც განსაზღვრულია.
„საქართველოს პარლამენტში ვიხილავთ ახალ სამთავრობო გუნდს და იქ იქნება გვარები წარმოდგენილი თავისი შესაბამისი პროგრამით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ის აჟიოტაჟი, რაც მედიაში იყო, რეალობას არ შეესაბამება.
„არავითარი ახალი ინსტიტუტის დანერგვას ამ მიმართულებით არ ვაპირებთ. იქნებიან მინისტრის მოადგილეები, რომლებიც იქნებიან პასუხისმგებელნი შესაბამისი დარგების განვითარებაზე”, – აღნიშნა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ახალ სახეებთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დასრულდა.
„გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები, როგორც ახალ სტრუქტურაზე, ასევე განვითარების პროგრამაზე, მათ შორის იმ ახალ სახეებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობაში იქნებიან. კონსულტაციები ფაქტობრივად დასრულებულია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.