მამუკა ბახტაძე - კანაფის კულტივაციაზე მთავრობის ინიციატივას ფორსირებას არ გავუკეთებთ, ეს ჩვენი ხელწერა არ არის
კანაფის კულტივაციაზე მთავრობის ინიციატივას ფორსირებას არ გავუკეთებთ, ეს ჩვენი ხელწერა არ არის. ამ ინიციატივას საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციები მოყვა, – ამის შესახებ საქართველო პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ტელეიმედის“ ეთერში განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ინიციატივა შეეხებოდა ორ მიმართულებას და შესაბამისად, ეს ორი სხვადასხვა ინიციატივა იყო. ბახტაძის განმარტებით, პირველი შეეხებოდა იმ კონკრეტულ სამართლებრივ რეალობას, რომელიც საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დადგა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ასეთი რეალობის დროს პასუხისმგებლიანმა მთავრობამ კონკრეტული გადაწყვეტილებები რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა მიიღოს. შესაბამისად, მამუკა ბახტაძის თქმით, დამუშავდა კანაფის მოხმარების რეგულაციების მკაცრი დოკუმენტი, სადაც გაწერილია თითოეული რისკი.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული რეგულაციებით მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდების ჯანმრთელობის დაცვა და რომ ასეთი მკაცრი რეგულაცია ფაქტობრივად, არც ერთ ქვეყანას არ აქვს.
„რაც შეეხება მეორე მიმართულებას, აქაც ჩვენი ინიციატივა გულისხმობდა კულტივაციას მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით და ისიც მხოლოდ საექსპორტო ბაზრებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ პირნათელი ქართულ საზოგადოებასთან.
მე განვაცხადე, რომ ჩვენი რეგულაცია პირველ და მეორე ნაწილშიც იქნებოდა ისეთი მკაცრი, რომელიც გამორიცხავდა თუნდაც ერთი გრამი ამ ნივთიერების და ამ მცენარის მოხვედრას ბაზარზე უკონტროლო რეჟიმში. მაგრამ ამას მოყვა ვნებათაღელვა და ვფიქრობ, ამ ნაწილში მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო საზოგადოებაში“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელწერა არის ყოველთვის კონსენსუსის ძიება ქართულ საზოგადოებასთან, მისი ინფორმირებულობა, მაქსიმალური ჩართულობა, მით უმეტეს, ასეთ თემებზე და მხოლოდ ამის შემდეგ კონკრეტული გადაწყვეტილების მომზადება და მიღება.
„აქედან გამომდინარე, ჩვენმა გუნდმა მიიღო კიდევ ერთი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ამ ეტაპზე მეორე ინიციატივის შეჩერება, გავმართოთ ძალიან ინტენსიური დამატებითი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მხოლოდ საბოლოო პოზიციის შეჯერების შემდეგ მოვახდინოთ მისი შეფასება. სანამ არ მოხდება კონსენსუსის მიღწევა ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რაც შეეხება მეორე ინიციატივას, ჩვენ მას ფორსირებას არ გავუკეთებთ. ეს არ არის ჩვენი პოლიტიკური ხელწერა. ჩვენი პოლიტიკური ხელწერა გახლავთ დიალოგი საზოგადოებასთან და ფართო კონსენსუსის მიღწევა ნებისმიერ საკითხზე.
სამწუხაროდ, ამ ინიციატივას მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები, აქ ალბათ იმის პრობლემაც იყო, რომ ჩვენ შესაბამისი პირდაპირი კონსულტაციები იმ ინტენსივობით არ გვიწარმოებია, რაც საჭირო იყო. შესაბამისად, ჩვენ ვღებულობთ ამ შენიშვნას და გადავდივართ ინტენსიური კონსულტაციების და დიალოგის რეჟიმში, რომ ჩვენც, ქართული საზოგადოებაც და ყველა მხარე დარწმუნდეს და თუ იქნება კონსენსუსი, რომ ეს არის დადებითი ნაბიჯი, ჩვენ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. თუ იქნება კონსენსუსი, რომ ეს არ არის გადასადგამი ნაბიჯი, ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური ხელწერა არასოდეს ყოფილა ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღება ისე, რომ საზოგადოებრივი აზრი არ ყოფილიყო გათვალისწინებული და ამას არასოდეს არ ვიზამთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.