მამუკა ბახტაძე - გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გავუმკლავდეთ სიღარიბეს, როგორც ყველაზე დიდ გამოწვევას
ჩვენ არ გავურბივართ პრობლემების აღიარებას და გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გავუმკლავდეთ სიღარიბეს, როგორც ყველაზე დიდ გამოწვევას, და ჩვენი ხალხი ერთხელ და სამუდამოდ გამოვიყვანოთ ამ გაჭირვებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის უმთავრესი ღირებულება იყო, არის და იქნება ადამიანი და მისი ღირსეული ცხოვრება.
„დღეს თქვენ წინაშე წარმოვადგენ მთავრობის განახლებულ პროგრამას, რომელიც ეფუძნება მმართველი პოლიტიკური ძალის – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გაცხადებულ ღირებულებებს. რა არის ეს ღირებულებები და რას ელოდება ხალხი მმართველი ძალისგან. ჩვენთვის უმთავრესი ღირებულება იყო, არის და იქნება ადამიანი და მისი ღირსეული ცხოვრება. ბუნებრივია, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ორიენტირებული რეფორმებზე, მაგრამ ამავე დროს, რეფორმები უნდა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს – ეს არის ადამიანი, მისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა და ის, რომ მათ ჰქონდეთ განცდა, რომ შეუძლიათ, საკუთარ სამშობლოში მოახდინონ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაცია, იყვნენ დაცულები და ჰქონდეთ თავისუფლების მაღალი ხარისხი. სწორედ ეს არის ამოსავალი და ამაზეა აგებული მთავრობის ახალი პროგრამა. ჩვენ არ გავურბივართ პრობლემების აღიარებას და გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გავუმკლავდეთ სიღარიბეს, როგორც ყველაზე დიდ გამოწვევას, და ჩვენი ხალხი ერთხელ და სამუდამოდ გამოვიყვანოთ ამ გაჭირვებიდან”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.