მამუკა ბახტაძე გარემოსდაცვითი კონცეფციის - „მწვანე ეკონომიკის“ პრეზენტაციას გამართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ახალ გარემოსდაცვით კონცეფციას – „მწვანე ეკონომიკას“ წარადგენს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, „მწვანე ეკონომიკის“ პოლიტიკა არის ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა და ცხოვრების ახალი წესი, რაც არაერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს. კონცეფციის დეტალებზე პრემიერ-მინისტრი დღეს, პრეზენტაციაზე ისაუბრებს.
„გარემოსდაცვითი მიმართულებით ქვეყანაში დღეს არსებული გამოწვევები წლების განმავლობაში აღნიშნული სფეროს დერეგულაციამ გამოიწვია. სწორედ ამიტომ, მთავრობის მთავარი მიზანია, ქვეყანაში ეტაპობრივად დაინერგოს და გამკაცრდეს გარემოსდაცვითი მართვის სტანდარტები“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
გარემოსდაცვითი კონცეფციის პრეზენტაცია დღეს, 20:00 საათზე, სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლის“ ტერიტორიაზე გაიმართება.