საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს ექვსი რეგიონის ახალ გუბერნატორებს დღეს წარადგენს.
ახალი გუბერნატორები ეყოლება შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან 26 ივლისს გაათავისუფლა.
თანამდებობები დატოვეს შიდა ქართლის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.
თანამდებობები შეინარჩუნეს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ და გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ.
ამასთან, იმერეთს მიმდინარე წლის მარტიდან გუბერნატორი არ ჰყავს. გუბერნატორის მოვალეობას გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებდა. გივი ჭიჭინაძემ იმერეთის გუბერნატორის თანამდებობა ვანისა და ხონის მაჟორიტარის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებისას დატოვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალ გუბერნატორებს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 11:00 საათზე წარადგენს.