მამუკა ბახტაძე - ეკატერინე ტიკარაძის გამოცდილება მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ იგი ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული სახე გახდება
ქალბატონი ეკას ამ სფეროში მოღვაწეობის ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდა. მისი მენეჯერული თვისებები არის ძალიან მაღალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც ჯანდაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძე წარადგინა.
მისი თქმით, ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯანდაცვის უკვე ყოფილ მინისტრთან, დავით სერგეენკოსთან ჰქონდა.
„დათოსთან, მისივე ინიციატივით, ბოლო რამდენიმე კირის განმავლობაში მქონდა ინტენსიური კონსულტაციები და ბუნებრივია, ჩემთვის დათოს რეკომენდაციას ჰქონდა მნიშვნელოვანი ადგილი, როდესაც ერთობლივად ჩამოვყალიბდით ამ გადაწყვეტილებაზე.
მინდა გითხრათ, რომ ის დავალებები, ის რეფორმები, რომელიც ახალ მინისტრს ექნება გასატარებელი, არის საკმაოდ რთული და ბევრ გამოწვევასთან იქნება დაკავშირებული. მას ჩვენი სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურმა აქვე, მადლობა გადაუხადა დავით სერგეენკოს ჯანდაცვის მინისტრობის პერიოდში გაწეული სამუშაოსთვის.
რაც შეეხება პრემიერის მრჩევლის თანამდებობაზე სერგეენკოს დანიშვნას, ბახტაძის თქმით, მისი როლი მნიშვნელოვანი იქნება ახალი რეფორმების გატარებაში.
„მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტრო თავისი მასშტაბიდან გამომდინარე დიდ დროს უთმობს მიმდინარე საკითხებს და ამან არ უნდა მოგვცეს ჩვენ ის შედეგი, რომ რეფორმებზე იხარჯებოდეს ნაკლები დრო და ენერგია.
აქედან გამომდინარე, დათოს როლი, როგორც მრჩევლის არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ მიმდინარე რეფორმების ეფექტური გატარება და ამავე დროს, ახალი რეფორმების გატარება, რომელიც ჯანდაცვას და სოციალურ დაცვას გადაიყვანს სრულიად ახალ დონეზე და მიუახლოებს ევროპულ სტანდარტებს.
მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო დათოს გაწეული სამსახურისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩემი მრჩევლის პოსტზე იქნება ისეთივე წარმატებული, ისეთივე მნიშვნელოვანი საქმეების გამტარებელი, როგორიც მან ეს განახორციელა მინისტრად ყოფნის პერიოდში. დათო იყო, არის და მუდმივად იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთგული წევრი და ის არის ჩვენი საუკეთესო კადრი. დარწმუნებული ვარ, რომ ის ერთობლივი საქმიანობა, რომელიც სამომავლოდ გვექნება, უფრო მეტი საქმის გაკეთების საშუალებას მოგვცემს ჩვენი მოქალაქეებისთვის”, – განაცხადა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურმა ახალ ჯანდაცვის მინისტრს წარმატებები უსურვა და და აღნიშნა, რომ ეკატერინე ტიკარაძეს „საკმაოდ რთული დავალებები აქვს”.
ასევე, ეკას მინდა ვუსურვო წარმატებები. მას ჩვენი გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს. მას აქვს საკმაოდ რთული დავალებები. გრაფიკი არის საკმაოდ შეზღუდული, თუმცაღა ის ხედვები, რაც მას აქვს, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მას ზურგს უმაგრებს, მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ეკა იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი და ამავე დროს, ის გახდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული სახე”, – განაცხადა ბახტაძემ.