მამუკა ბახტაძე - ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება ჩვენი მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტია
მამუკა ბახტაძე - ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება ჩვენი მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტია

ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება ჩვენი მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ვერასდროს მოხვდება განვითრებული ეკონომიკის ქვეყანათა რიცხვში, თუ არ განხორციელდება მასშტაბური ინვესტიციები განათლების სექტორში.

„ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, მთავარი აქტივია ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ადამიანები. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ დიახ, ჩვენ იმ ეკონომიური პოლიტიკით, რომელსაც ვახორციელებთ, მოვახერხებთ სიღარიბის შემცირებას, მაგრამ საქართველოს ვერასდროს ჩავაყენებთ განვითრებული ეკონომიკის ქვეყანათა რიცხვში, თუ არ განვახორციელებთ მასშტაბურ ინვესტიციებს განათლების სექტორში. თუ ვერ გავხდით განათლების სექტორს დომინანტს მთელს ეკონომიკაში. თუ ამას შევძლებთ, ეს იქნება ერთდერთი ურყევი წინაპირობა, რომ საქართველო აუცილებად ჩადგეს განვითრებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში.

არაერთხელ დამისახელებია ციფრი, რომ ეს არის მინიმუმ 10-11 პროცენტი მთლიანი შიდა პროდუქტის, რომელიც ყოველწლიურად აუცილებლად უნდა იყოს განათლების სექტორისთვის გამოყოფილი, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის მხრიდან. სწორედ ეს მოგვიტანს ჩვენ იმ წარმატებას, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს – ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება, ეს არის ჩვენი მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რეფორმებმა, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოში გატარდა, ძალიან ხელშესახები შედეგები მოიტანა.

​გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ იმ რეფორმებმა, რომლებიც გავატარეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალიან ხელშესახები შედეგი მოგვიტანა. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან და ჩემთვის ძალიან საამაყო გახლდათ ის, რომ ფაქტობრივად, ყველა პანელზე, რომელიც ეხებოდა განვითარებად ბაზრებს, საქართველო ყველას მოჰყავდა როგორც საუკეთესო მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის. დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც, იმ თამამი რეფორმებისთვის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ.

ამავდროულად, რა თქმა უნდა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საკმარისი არ არის. საქართველოს მთავარ და მტკივნეულ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება სიღარიბე, შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება.

ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონული განვითარება, რათა ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ფოკუსირებული არ იყოს 1-2 მსხვილ ქალაქში. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ გახლავთ. ზოგადად, ინკლუზიური ზრდა არის გლობალური ხასიათის პრობლემა, თუმცა, ვფიქრობ, ის ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით და რომლებსაც გადავდგამთ, საქართველოში ასეთი ტიპის ზრდის მიღწევაში დაგვეხმარება“, – განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ინკლუზიური ზრდა წარმოუდგენელია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გარეშე, შესაბამისად, მთავრობის მთავარი პრიორიტეტი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია.

„საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, თუმცა მიდგომა, როგორ უნდა მომხდარიყო ამ ყველაფრის ჩვენი ეროვნული ეკონომიკის სასიკეთოდ გამოყენება, ხშირად იყო ძალიან ფრაგმენტული. ვფიქრობ, ჩვენ შევძელით, ეს ერთიან სტრატეგიაში მოგვექცია. ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მოვისმინე, გახლდათ ის რომ, საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, გახდეს მთელი რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. ჩვენ ვართ კარიბჭე რვა ქვეყნისთვის, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი პოტენციალი, მაგრამ ამავე დროს – დიდი პასუხისმგებლობა. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომ გავზარდეთ ასე მნიშვნელოვნად ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის მიზეზი, რატომ ვართ მოწადინებული, რაც შეიძლება მოკლე დროში გვქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ღრმაწყლოვანი პორტი.

მინდა, ხაზი გავუსვა გლობალური მნიშვნელობის პროექტებსაც, რომლებიც უკვე ხორციელდება და დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევით კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს, პრემიერმა კონფერენციის ორგანიზატორებსა და სტუმრებს მადლობა გადაუხადა.