მამუკა ბახტაძე - ჩვენი ვალდებულებები პირნათლად სრულდება, მინდა, მოვუწოდო ანაკლიის კონსორციუმს, მათაც პირნათლად შეასრულონ
მამუკა ბახტაძე - ჩვენი ვალდებულებები პირნათლად სრულდება, მინდა, მოვუწოდო ანაკლიის კონსორციუმს, მათაც პირნათლად შეასრულონ

ვალდებულებები, რაც ჩვენ ავიღეთ, პირნათლად სრულდება და მინდა, მოვუწოდო ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, მათაც პირნათლად შეასრულონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს კომუნიკაცია აქვთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან.

„კომერციული რისკის დაზღვევა ბიუჯეტის ხარჯზე არის ძალიან მძიმე და ცუდი პრაქტიკა. ეს არის სწორედ ჩვენი საუბრის ერთ-ერთი აქცენტი. ჩვენ ძალიან ბევრჯერ გადავწიეთ ვადა, რადგან გვესმის, დროა საჭირო იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკება შედგეს. სულისკვეთება არის ზუსტად ასეთი და მსურს, რომ ამ სულისკვეთებას ვგრძნობდეთ ყველა, მათ შორის, იმ კონსორციუმის მხრიდან, რომელსაც თავის მხრივ, აქვს შესასრულებელი ვალდებულებები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის მხარდაჭერა ანაკლიის პროექტის მიმართ და განაცხადა, რომ პროექტს ხელისუფლებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

მთავრობის მეთაური მოუწოდებს ყველას, იყოს ფოკუსირებული შედეგებზე და არა სხვადასხვა ტიპის თეორიების შექმნაზე.

„საზოგადოება დაიღალა ამ საკითხზე სხვადასხვა ტიპის კონსპირაციის თეორიების შესახებ მოსმენით. არარსებულ ბარიერებზე საუბარი შედეგს არავის მოუტანს. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ 300 მილიონის ინვესტირებას გავაკეთებთ ინფრასტრუქტურაში. რამდენიმე ათეულ მილიონ ლარად გამოვისყიდეთ ჩვენი მოქალაქეებისგან მიწები, რომელიც გადაეცა და ნაწილი გადაეცემა კონსორციუმს. ავიღეთ ასევე 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის ვალდებულება, რომ მოხდეს ამ პორტის თანადაფინანსება. მივიღეთ მონაწილეობა და დავეხმარეთ კონსორციუმს, რომ ყველა წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს ჰქონოდა ის თავის პრიორიტეტულ ნუსხაში. ამის შემდეგ ჩნდება ობიექტური კითხვა: როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებიდან არის ასეთი მხარდაჭერა, რა რჩება იმისთვის, რომ მოხდეს პროექტის რეალიზაცია. რჩება ძალიან მარტივი რამ: კერძო კომპანიების მხარეს არსებული ვალდებულებების შესრულება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება ფოთის პორტს, პრემიერის თქმით, მასთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი ეკონომიკის მინისტრთან არ იყო შეთანხმებული.

„რაც შეეხება ფოთს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სსიპ-ს შესაძლოა,  თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის გაცემის საშუალება ჰქონდა, ის არ შეთანხმდა მინისტრთან, ის იყო სამართლებრივად ხარვეზიანი და მოხდა მისი გაუქმება. ნებართვამდე საქმე ვერც მივიდოდა“, – განუცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს.