მამუკა ბახტაძე - ბოლო წლებში, გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკა უკიდურესად არაეფექტიანი და დანაშაულებრივი იყო
მწვანე ეკონომიკა ჩვენთვის არის აბსოლუტური პრიორიტეტი, რომელიც საშუალებას მოგცემს, ეკონომიკა და მოქალაქეების ცხოვრების დონე ახალ ხარისხობრივ მაჩვენებელზე ავიყვანოთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, მაღალი კაპიტალიზაციის და პოტენციალის მქონე მიმართულებაა, რომელსაც ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს.
„ევროპული ქვეყნების უმრავლესობა სწორედ ამ გზას დაადგა – მწვანე ეკონომიკის მშენებლობის გზას. ჩვენ გვაქვს უნიკალური პოტენციალი, გავხდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი შეფასებით, ბოლო წლები, საქართველოში გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკა არაეფექტიანი და დანაშაულებრივიც კი იყო, რაც მიუღებელია.
„სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ბოლო წლებში, გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკა იყო უკიდურესად არაეფექტიანი, მე ვიტყოდი, დანაშაულებრივიც კი. ამ ყველაფერს სჭირდება სასწრაფოდ გამოსწორება და პრინციპული ნაბიჯების გადადგმა. აქედან გამომდინარე, სწორედ მწვანე ეკონომიკა იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება და ამ მწვანე ეკონომიკაში თბილისს აქვს თავისი უნიკალური როლი“, – აღნიშნა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძის თქმით, სწორედ თბილისმა და თბილისელებმა იგრძნეს ყველაზე მტკივნეულად ის შედეგები, რაც გარემოს მიმართ არასწორ პოლიტიკას მოჰყვა.
„სამწუხაროდ, თბილისმა და თბილისელებმა ყველაზე მტკივნეულად მიიღეს ბოლო წლებში ის შედეგები, რაც მოჰყვა არასწორ და ხშირ შემთხვევაში, დანაშაულებრივ პოლიტიკას გარემოს მიმართ. ეს არის ყოვლად მიუღებელი“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე, ახალ პოლიტიკასა და სტრატეგიაზე მუშაობისას ორი ძირითადი ამოცანა იქნა გათვალისწინებული.
„პირველი ამოცანა იყო, როგორ აღმოვფხვრათ ის ძალიან მძიმე შედეგები და რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, რომელიც დღეს გაქვს ამ კუთხით თბილისსა და საქართველოში. მეორე – როგორ გადავიყვანოთ ეს მიმართულება განვითარების ახალ რელსებზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც მან აღნიშნა, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას აქვს ძალიან პრინციპული მნიშვნელობა, რომ მწვანე ეკონომიკის სტრატეგია წარმატებული იყოს.
ამასთან, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ის მწვანე ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციას უახლოეს მომავალში გამართავს.