მამუკა ბახტაძე - ასი ათასმა ქართველმა თავი გასწირა სამშობლოსთვის, უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტეს გზამ და რწმენამ შემოგვინახა სამშობლო
ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში სწორედ დღევანდელი დღე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს დღევანდელი დღე არის სიმბოლო ქართველი ერის სულის სიმტკიცის, ჩვენი რწმენის სიმტკიცის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მეტეხის ხიდზე ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე აღნიშნა.
როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ასი ათასმა ქართველმა თავი გასწირა რწმენისთვის და სამშობლოსთვის.
„ასი ათასმა ქართველმა სწორედ აქ თავი გასწირა თავისი სამშობლოსთვის, თავისი რწმენისთვის და ჩვენ, მათ შთამომავლებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ქრისტეს გზამ და ჩვენმა რწმენამ შემოგვინახა ჩვენი ქართველობა, ჩვენი სამშობლო. ჩვენი უწმინდესის და ქართული ეკლესიის ძალიან დიდი ღვაწლის შედეგად, ძალიან მიხარია, რომ ყველა ქართველი დღეს გრძნობს, თუ როგორი დიდი გმირების შთამომავლები ვართ ჩვენ. დღევანდელი დღე არის სიმბოლო ქართული ხასიათის, ჩვენი რწმენის სიმტკიცის. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დღევანდელი დღის ორგანიზატორებს დიდება ჩვენს თავდავდებულ გმირებს ღმერთ იყოს საქართველოს მფარველი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.