მამუკა ბახტაძე - არავინ აპირებს ფოკუსირებას იმ ცხრა წელზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მომავალზე
ჩემი მთავარი გზავნილია, რომ არავინ აპირებს ფოკუსირებას იმ ცხრა წელზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მომავალზე და კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მამუკა ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოში გუშინ პოლიტიკურ ჯგუფებთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა, სადაც მან სამთავრობო პროგრამა წარადგინა.
მისი შეფასებით, საზოგადოებისთვის ეს იყო კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვითარდება ის პოლიტიკური კომუნიკაცია, რაც საქართველოში დღეს არსებობს.
„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ჩვენ ვიხილეთ ის, რომ კონკრეტულ წარმოდგენილ პროგრამაზე ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა. უფრო მეტიც, ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი ისეთი ბრალდება, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, დაწყებული იმით, რომ ვითომ, აუდიტის სამსახურს არ ჰქონდა უფლება და ვერ შევიდა რკინიგზაში კონკრეტული აუდიტის დასკვნის დასადებად. 2017 წელს მას აღნიშნული დასკვნა გაკეთებული აქვს და თქვენ შეგიძლიათ, ეს კიდევ ერთხელ იხილოთ. ასევე, ვითომ, საქართველოში ჩვენ გავაუარესეთ საგადასახადო ტვირთი, ამაზეც დამატებით მოგახსენებთ შემდეგ“, – განაცხადა ბახტაძემ.
ამასთან, როგორც პრემიერობის კანდიდატმა სხდომაზე აღნიშნა, მისთვის და მისი გუნდისთვის ის 9-წლიანი მმართველობის პერიოდი ორიენტირი არ არის.
„მე ნამდვილად, პირდაპირ და გულწრფელად გეუბნებით, ჩვენთვის და ჩვენი გუნდისთვის ის 9-წლიანი მმართველობის პერიოდი არ არის ორიენტირი, რაზეც გეზი უნდა ავიღოთ. ნამდვილად არ მინდა ვისაუბრო წარსულზე, მე მინდა ვისაუბრო მომავალზე და იმ კონკრეტულ საქმეებზე, რაც უნდა გავუკეთოთ ქართველ ხალხს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
თუმცა, მისი თქმით, უსაფუძვლო ბრალდებებზე აუცილებლად იქნება პასუხი.
„როდესაც ჩვენ ვისმენთ ისეთ უსაფუძვლო ბრალდებებს, როგორიც ეს იყო გუშინ, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ, თუ რა სტატისტიკა ჰქონდათ მაშინ ჩვენს წინამორბედებს და ძალიან გთხოვთ, ეს ყველაფერი უნდა მიიღოთ ისე, როგორც არის რეალურად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერობის კანდიდატმა მისი მთავარი გზავნილი განმარტა და აღნიშნა, რომ მომავალზე იქნება ფოკუსირებული.
„ჩემი მთავარი გზავნილი არის ის, რომ არავინ აპირებს ფოკუსირებას იმ 9 წელზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მომავალზე და კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, თუ როგორ მოვახერხოთ იმ ძირითადი გამოწვევების გადაჭრა და გამკლავება, რაც დღეს არის ჩვენი ერისა და ჩვენი ხალხის წინაშე“, – განაცხადა ბახტაძემ.
მისი განმარტებით, აქედან გამომდინარე, სამთავრობო პროგრამა არის კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული.
„ვისურვებდი, დისკუსია იყოს წარმართული შინაარსობრივად, ვინაიდან, პირველ რიგში, მმართველი ძალისთვის და მთავრობისთვის იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თუ არსებობს ხარვეზები ამ პროგრამაში, კონკრეტულად ვნახოთ რაშია ეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამწუხაროდ, თქვენგან ასეთი რამ ვერ მოვისმინე“, – განაცხადა ბახტაძემ.
მინისტრობის კანდიდატებსა და პრემიერობის კანდიდატს გუშინ საპარლამენტო კომიტეტებსა და ფრაქციების სხდომებზე მოუსმინეს.