მამუკა ბახტაძე - ადგილობრივი მწარმოებლებისგან განსხვავებით, ფარმაციის დარგში იმპორტიორები გათავისუფლებული არიან დღგ-სგან, საჭიროა, დამკვიდრდეს განახლებული სამართლიანი წესები
საქართველოში ფარმაციის დარგში იმპორტირებული საქონელი და იმპორტიორები გათავისუფლებული არიან დამატებული ღირებულების გადასახადისგან მაშინ, როდესაც ადგილობრივი მწარმოებლები დღგ-ს იხდიან და შემდეგ მას ვეღარ ითვლიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რამდენიმე გაერთიანებულ კომიტეტზე განაცხადა.
მისი თქმით, თავისუფალი ვაჭრობა არის ის ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა, რითაც შევძლებთ ჩვენი მცირე ეკონომიკის ინტეგრირებას მსოფლიო ბაზარზე.
„საქართველოში ფარმაციის დარგში იმპორტირებული საქონელი და იმპორტიორები გათავისუფლებული არიან დამატებული ღირებულების გადასახადისგან მაშინ, როდესაც ადგილობრივი მწარმოებლები იხდიან დღგ-ს და შემდეგ მას ვეღარ ითვლიან. ამავე დროს, მინდა შეგახსენოთ, რომ ფარმაცევტული პროდუქცია წარმოადგენს ჩვენი იმპორტის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ჯგუფს. მინდა გითხრათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის ძალიან დიდი მხარდამჭერი ვარ. თავისუფალი ვაჭრობა არის ის ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა, რითაც შევძლებთ ჩვენი მცირე ეკონომიკის ინტეგრირებას მსოფლიო ბაზარზე, მაგრამ ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ უსამართლო ვაჭრობას მხარი არ უნდა დავუჭიროთ. ვგულისხმობ, როდესაც ვსაუბრობ უსამართლო თამაშის წესებზე ჩვენს ეკონომიკურ მოდელში. ბუნებრივია, ჩვენ ეს შეიძლება მემკვიდრეობით მივიღეთ, მაგრამ საჭიროა, განახლებული სამართლიანი წესები დავამკვიდროთ რაც შეიძლება დროულად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.