მამუკა ბახტაძე - 15 იანვრიდან დღგ-ს ზედმეტობა უკვე 180 კომპანიას დაუბრუნდა
მამუკა ბახტაძე - 15 იანვრიდან დღგ-ს ზედმეტობა უკვე 180 კომპანიას დაუბრუნდა

მიმდინარე წლის 15 იანვრიდან დღემდე დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობა 180 კომპანიას უკვე დაუბრუნდა – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ Facebook- ჩართვისას ისაუბრა.

მისი თქმით, მუშავდება კიდევ 180 კომპანიის განაცხადი.

„დაკმაყოფილებული განაცხადების რაოდენობა 4-ჯერ აღემატება 2017 წლის მონაცემებს. აღნიშნული რეფორმა დავიწყეთ 15 იანვრიდან, თუმცა ჩვენი მიზანია, წლის მეორე ნახევრიდან დღგ-ს ზედმეტობა ავტომატურ რეჟიმში დაბრუნდეს.  მნიშვნელოვანია, ჩვენს მეწარმეებს ჰქონდეთ წვდომა საბრუნავ კაპიტალზე, სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება დღგ-ს ზედმეტობა დავაბრუნოთ 5-7 სამუშაო დღეში, ხოლო კომპლექსური ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გამართვის შემდეგ, სისტემა ავტომატურად შეძლებს გადამხდელებს დაუბრუნოს დღგ-ს ზედმეტობა“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა გადამხდელებს აქტიურობისა და განაცხადების დროულად შევსებისკენ.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, წელს რეფორმის ფარგლებში, ნახევარ მილიარდამდე ლარის დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება იგეგმება.

„მომავალ წელს ვგეგმავთ ამ თანხის გაზრდას 650 მლნ ლარამდე, ამიტომ თქვენი აქტივობა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია,“ – მიმართა მამუკა ბახტაძემ გადამხდელებს.