მამა იოანე (მჭედლიშვილი) - 23:00 საათისთვის ჩამოაბრძანებენ მადლმოსილ ცეცხლს და ის ეპარქიებში გადანაწილდება
იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს საქართველოში დაახლოებით 23:00 საათისთვის ჩამოიტანენ. ისრაელში სპეციალურად სამკაციანი დელეგაცია დილით გაემგზავრა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამების ლავრის კეთილმოწესემ, მამა იოანემ (მჭედლიშვილი) განუცხადა.
ტაძრები სააღდგომო ლიტურგიის დაწყებისთვის ემზადებიან. ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. დისტანციის დაცვისთვის იატაკზე განთავსებულია სტიკერები, ეზოში კი, დამონტაჟებულია გახმოვანების სისტემა, რომლის საშუალებითაც, წირვა-ლოცვა გადაიცემა. მსახურებაზე დასასწრებად მრევლი 23:00 საათამდე უნდა მივიდეს, ტაძრის დატოვება კი, 04:00 საათის შემდგომ შეეძლება.
„მთელი ღამის განმავლობაში ტარდებოდა ტაძრის დეზინფექცია. 23:00 საათისთვის ველოდებით ხალხს. რა თქმა უნდა, ყველას ვთხოვთ და მოვუწოდებთ, ეკეთოთ პირბადე და დაიცვან დისტანცია, ეს ყველაფერი ელემენტარულია, რითაც ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, დავიცვათ ეს ყველაფერი. სტიკერები პანდემიის დაწყებისთანავე დაეკრო და იმის მერე არის. მრევლშიც ჩამოყალიბდა კულტურა, რომ ერთმანეთს ვუფრთხილდებით, პირბადეს ატარებენ. გარეთ გახმოვანება ყოველთვის იყო სამების საკათედრო ტაძარში, დღესაც ისევ ისე იქნება.
სამი კაცისგან შემდგარი დელეგაციაა წასული ისრაელში და 23:00 საათისთვის ჩამოაბრძანებენ მადლმოსილ ცეცხლს. შემდგომ მოხდება ეპარქიებში გადანაწილება“, – განაცხადა სამების ლავრის კეთილმოწესემ, მამა იოანემ (მჭედლიშვილი).
იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მორწმუნეებმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა დღეს იზეიმეს.