მამა დავით ისაკაძე - მარიხუანასთან დაკავშირებით კანონპროექტის წინააღმდეგ ღონისძიებები არ შეწყდება, იქნება მკაცრი და ოფიციალური
მარიხუანასთან დაკავშირებით კანონპროექტის წინააღმდეგ ღონისძიებები არ შეწყდება, გაგრძელდება პერმანენტულად, იქნება მკაცრი და ოფიციალური, – ამის შესახებ მამა დავით ისაკაძემ თბილისის საკრებულოსთან განაცხადა.
მისი თქმით, სამების საკათედრო ტაძარში 13:00 საათზე შეიკრიბებიან და სავედრებელ პარაკლისს ჩაატარებენ.
„ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომელიც ეხება ე.წ ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას. პროტესტი არის ძალიან მკვეთრი და კატეგორიული, რომ გაუქმდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული კანონები. ჯერ საუბარია მარიხუანაზე და მალე, ალბათ, სხვა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებაც იქნება საუბარი, ასევე ე.წ პლანტაციების გაშენებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ პოზიციაზე ბოლომდე დავრჩებით, ვიქნებით ძალიან მკაცრნი.
სამღვდელოების თითქმის 99% (ის 1% არ ვიცი, არსებობს, თუ არა) არის ასეთ პოზიციაზე. ასეთი პოზიცია გამოხატა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა თავის ქადაგებაში. ასეთი პოზიცია გამოხატა საქართველოს საპატრიარქომ, ძალიან სიღრმისეული შეფასება მისცა ნარკოპოლიტიკის ლიბერალურ კანონპროექტს.
შემდეგი ჩვენი გეგმები ასეთია, საკუთარ ტაძრებში ჩავატარებთ ღვთისმსახურებას, მერე ვიკრიბებით 13:00 საათზე სამების ტაძარში, სადაც ჩატარდება სავედრებელი პარაკლისი. ჩვენი მრევლი ტაძრებიდან და, ალბათ, საზოგადოების სხვადასხვა ფენა შემოგვიერთდება. ვიმედოვნებ, რომ მონაწილეობას მიიღებენ და თავიანთ ლოცვას წარმოთქვამენ ასევე ინტელიგენციის წარმომადგენლები, ცნობილი სპორტსმენები, ვისაც ეს საკითხი აწუხებს. ეს ყველას ეხება. ყველა ოჯახში შემოიჭრება ნარკომანიის სენი, ამიტომ ჩვენთვის, ბუნებრივია, ეს არის საყოველთაო სატკივარი. ამის შემდეგ ვფიქრობთ, რომ ისევ საკრებულოსთან გამოვემართოთ. ამ გადაწყვეტილებას სამებაში მივიღებთ, ჩავატაროთ აქ პარაკლისი და გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია. ღონისძიებები არ შეწყდება, გაგრძელდება პერმანენტულად და იქნება მკაცრი და ფიციალური“, – განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.
მარიხუანას კანონპროექტთან დაკავშირებით სასულიერო პირები სამების ტაძრისკენ მსვლელობას მოაწყობენ.
სასულიერო პირებმა თბილისის საკრებულოსთან პარაკლისი აღავლინეს, რის შემდეგაც განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მარიხუანას ლეგალურ კულტივაციას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს
მანამდე მარიხუანას საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში შეხვედრა გამართეს.