მამა დავით ისაკაძე - ტოტალიტარული სექტა „გირჩი“ გამოიყენეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სარჩელი შეტანილიყო
მამა დავით ისაკაძე - ტოტალიტარული სექტა „გირჩი“ გამოიყენეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სარჩელი შეტანილიყო

ტოტალიტარული სექტა „გირჩი“ გამოიყენეს იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სარჩელი შეტანილიყო, – ამის შესახებ მამა დავით ისაკაძემ თბილისის საკრებულოსთან განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩი“ არის დანაშაულებრივი წარმონაქმნი, ხოლო მათი ლიდერი – სახელმწიფო დამნაშავე, რომელიც მამა დავით ისაკაძის აზრით, ყველა ნორმალურ ქვეყანაში გასამართლებული იქნებოდა.

„ტოტალიტარული სექტის, „გირჩის“ შესახებ მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა, რადგანაც ეს ჯგუფი გამოიყენეს იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სარჩელი შეტანილიყო, ამიტომ მათ ეს საკითხი პირდაპირ ეხებათ. ადამიანები, რომლებიც არიან მოსურნენი ჩვენი მომავალი თაობის დეგრადირების, სულიერი და ფიზიკური დაღუპვის. ეს არამარტო რელიგიური ტოტალიტარული სექტაა, ეს არის დანაშაულებრივი წარმონაქმნი ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფო დამნაშავეა მათი ლიდერი და ყველა ნორმალურ ქვეყანაში ის გასამართლებული იქნებოდა, თუნდაც იმიტომ რომ მიზანმიმართულ საბოტაჟს ეწევა ჩვენს ქვეყანაში. კერძოდ, იცით თქვენ ამ სხვადასხვა სპეცსამსახურებიდან მართულ სტრუქტურას აქვს ასეთი მიდგომა საკითხისადმი, რომ იწვევს ახალგაზრდა ადამიანებს თავის სექტაში და მათ ათავისუფლებს ჯარიდან.

დაახლოებით როგორც გვაქვს ჩვენ ინფორმაცია, 8-9 ათასი ახალგაზრდაა ამ სექტაში გაერთიანებული, ანუ ის ადამიანები, რომელთაც ხვალ უნდა დაიცვან ჩვენი სამშობლო ,მოხვდნენ ამ სექტაში, ისინი ხდებიან მოღალატენი არამარტო იესო ქრისტესი, არამედ მოღალატენი საკუთარი სამშობლოსი, საკუთარი ქვეყნის და ამას ახორციელებს ეს დაჯგუფება, პირდაპირი მტერი ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის. ამიტომ ხელისუფლებამ ამ საკითხთან დაკავშირებითაც რაც შეიძლება მალე უნდა იფიქროს, არა პრეზიდენტობის კანდიდატად უნდა დადგეს ასეთი ადამიანი, არამედ მისი ადგილი სულ სხვა სივრცესა და გარემოშია. რაც მალე მოხვდება იგი ამ გარემოში, მით მალე დაფიქრდება თავის ცდომილებებზე, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.