მალხაზ მაჩალიკაშვილი - სტრასბურგის გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ეს საქმე, ასე თუ ისე, ამბობს, რომ ხელახალი გამოძიება უნდა ჩატარდეს
სტრასბურგის გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ეს საქმე, ასე თუ ისე, ამბობს, რომ ხელახალი გამოძიება უნდა ჩატარდეს, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, მისი მოლოდინები გამართლდა.
„მოლოდინი გამართლდა. გადაწყვეტილებაში რაც დავინახე, ძირითადში, ჩემი ხედვით ჩანს, რომ ვინც ეს დანაშული ჩაიდინა, სუს-მა, მან თვითონვე დაიწყო ამ საქმის გამოძიება და მაინც ვერ შეძლო სათავისოდ დაედო ეს მასალა. რაც შეეხება გასროლის ნაწილს, ევროპული სასამართლო ამბობს, რომ ეს საქმე არ იყო გამოძიებული და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს ადამიანი მოკლა სახელმწიფომო. ვერ გამოიძიეს, არ გამოიძიეს ეს საქმე, ამიტომაც მაგ ნაწილში ასეა.
ჩემთვის ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპული სასამართლო ამბობს, რომ ამ საქმეში არის ძალიან ბევრი დარღვევა, საქმე არ არის ეფექტურად გამოძიებული. ამავდროულად, მაშინვე მიზანმიმართულად მოხდა ყველაფერი ისე, რომ სტრასბურგშიც ჩვენ მთლიანად არ გავმართლებულიყავით. ამიტომ არ მოგვანიჭეს დაზარალებულის სტატუსი, რადგან ეს დარღვევები, რომლებიც იყო, ხელმეორედ არ გაგვესაჩივრებინა.
მართალი გითხრათ, ამ გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ეს საქმე, ასე თუ ისე, ამბობს, რომ გამოძიებას უნდა დაუბრუნდეს და ხელახალი გამოძიება ჩატარდეს.
იმდენი დარღვევა იყო, სტრასბურგის გამოძიებამ ვერ დაადგინა და ამიტომაც ისინი მსჯელობენ, რომ ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან გამოძიებული ფაქტები, რომ ვთქვათ, დიახ, სწორად მოიქცნენ, ან ვთქვათ, არასწორად არის ჩადენილი“, – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.
მისივე თქმით, ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე არაეფექტურად არის გამოძიებული.
„თავშივე ევროსასამართლო ამბობს, რომ აქ არის დარღვეული გამოძიების მსვლელობა. აქ არის არაეფექტურად გამოძიებული ეს საქმე, რაც იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე მთავარი ეს თქვა ევროპულმა სასამართლომ.
ყველამ კარგად იცის, რომ, როცა სახელმწიფოს უჩივი, ნებისმიერი სასამართლო ცდილობს, ის სახელმწიფოც არ დაჩაგროს. ეს დაუწერელი კანონია, ეს ყველამ კარგად ვიცით. მიუხედავად ამისა, ევროპულმა სასამართლომ, ყველაზე მთავრი რაც არის ჩემთვის, ის თქვა, რომ ეს არის ძალიან არაეფექტურად გამოძიებული საქმე. ეს საქმე დაუბრუნდება სასამართლოს, უნდა დაუბრუნდეს, ჩვენ ვიბრძოლებთ.
რაც მე წავიკითხე და დავინახე, სულ მთლიანად თუ არა, დიდი პროცენტით ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ“, – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა.