მალხაზ კაპანაძე - შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზით დასტურდება, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობა მხოლოდ ორმა პირმა ჩაიდინა
დღეს ჩვენებას აძლევდა ბრალდებული და როგორც წესი, ბრალდებულები ჩვენების მიცემისას ისეთ საკითხებზე აპელირებენ, რაც მათთვის ხელსაყრელია და რაც მათ დაეხმარება, პასუხისმგებლობას თავი დააღწიონ, – ამის შესახებ თბილისის პროკურორმა, მალხაზ კაპანაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში, ბრალდებულთა ჩვენება თავიდან ბოლომდე მათთვის ხელსაყრელ სტრატეგიასაა მორგებული, რაც ხშირ შემთხვევაში, სიმართლისგან შორსაა. ეს გამონაკლისი არ არის და სისხლის სამართლის სამეების უმეტეს ნაწილში ასე ხდება“, – განაცხადა კაპანაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში კიდევ სხვა პირების პასუხისგებაში მიცემას, მალხაზ კაპანაძემ განაცხადა, რომ შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზით მხოლოდ და მხოლოდ ორი პირის მიერ მკვლელობის ჩადენა დასტურდება და ორი არასრულწლოვანი სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით არის ბრალდებული.
„სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს და ჩვენ გონივრული მოლოდინი გვაქვს, რომ ბრალდებულთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება“, – განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, პროკურატურას ამ საქმის გამოძიება რეკორდულ დროში, ორმოც დღეში მოუწია, რადგან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მათ შორის ვადებთან დაკავშირებით, გარკვეულ შეზღუდვებსა და რეგულაციებს აწესებს.
„საქმეზე ჩატარდა ყველა საგამოძიებო მოქმედება, სხვადასხვა ექსპერიმენტი, ექსპერტიზა და დაიკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა მოწმე. საქმეში 100-ზე მეტი მოწმე დავკითხეთ, რომელთაგან გამოძიებასთან რეალურად მხოლოდ რამდენიმემ ითანამშრომლა. ამ 100 მოწმიდან დაახლოებით 15 კონფლიქტში მონაწილე პირია, რომლებიც 51-ე სკოლის მოსწავლეები არიან და რომლებიც გარდაცვლილ სარალიძეს ახლდნენ. ისინი დაიკითხნენ, მაგრამ გამოძიებას ინფორმატიული არც ერთმა მათგანმა არაფერი მიაწოდა. გამოძიებას არაფერი ინფორმატიული არ მიაწოდა სამეზობლო გარემომაც, რომელიც ასევე დაიკითხა“, – განაცხადა კაპანაძემ.
როგორც საქმის პროკურორმა აღნიშნა, ამის მიუხედავად, გამოძიებამ კოლოსალური სამუშაო შეასრულა და ამ საქმეზე იმ მტკიცებულებების ანალიზი მოახდინა, რისი მოპოვებაც შეძლო.
„შეფასებული იქნა ყველა მტკიცებულება, რაც გამოძიებამ მოიპოვა და შვიდ პირთან მიმართებით ბრალდებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამის შედეგად მივიღეთ“, – განაცხადა მალხაზ კაპანაძემ.