მაკედონიის პრეზიდენტი საბერძნეთთან ქვეყნის სახელწოდების შეცვლაზე მიღწეული შეთანხმების ხელმოწერაზე კვლავ უარს აცხადებს
მაკედონიის პრეზიდენტი გეორგე ივანოვი საბერძნეთთან ქვეყნის სახელწოდების შეცვლაზე მიღწეული შეთანხმების ხელმოწერაზე კვლავ უარს აცხადებს, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტმა დოკუმენტი უკვე ხელმეორედ დაამტკიცა.
„მაკედონიის პრეზიდენტისთვის მიუღებელი შეთანხმებები, რომლებიც მაკედონიურ ნაციონალური იდენტობასა და მაკედონიის რესპუბლიკის ინტერესებს აზარალებს. პრეზიდენტ ივანოვის პოზიცია უცვლელია და არ შეიცვლება არანაირი ზეწოლით, შანტაჟითა და მუქარით“, – ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მაკედონიის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ვალდებულია ხელი მოაწეროს დოკუმენტს, თუ პარლამენტმა მისი ვეტო დაძლია, როგორც ეს 5 ივლისს მოხდა. თუმცა კონსტიტუციაში არ არის განსაზღვრული ვადები.
ათენსა და სკოპიეს შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის ახალი სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა იქნება. აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა 17 ივნისს მოაწერეს ხელი, რითაც 27-წლიანი დავა დაასრულეს.