მაკედონიაში სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 30 სექტემბერს ჩატარდება
მაკედონიაში სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 30 სექტემბერს ჩატარდება

მაკედონიის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 30 სექტემბერს ჩატარდება. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო Meta ავრცელებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხმა 68 დეპუტატმა მისცა. წინააღმდეგი არავინ ყოფილა, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციური პარტიის წევრები სხდომას არ ესწრებოდნენ.

რეფერენდუმზე მოქალაქეებს მოუწევთ, პასუხი გასცენ შეკითხვას – „მხარს უჭერთ თუ არა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას მაკედონიის რესპუბლიკასა და საბერძნეთს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე?“.

საბერძნეთმა და მაკედონიამ 17 ივნისს ხელი მოაწერეს ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის სახელწოდების ცვლილების შესახებ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ახალი სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა იქნება. ამგვარად, ათენსა და სკოპიეს შორის 27-წლიანი დავა დასრულდა, რომელიც მაკედონიის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას აფერხებდა.