აშშ-ის თავდაცვის მდივანი - რუსეთი მაკედონიაში დაგეგმილ რეფერენდუმში ჩარევას ცდილობს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი - რუსეთი მაკედონიაში დაგეგმილ რეფერენდუმში ჩარევას ცდილობს

აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მეტისის თქმით, რუსეთი მაკედონიის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებულ რეფერენდუმში ჩარევას ცდილობს. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, მოსკოვს სურს ზეგავლენა მოახდინოს საყოველთაო გამოკითხვის შედეგებზე.

მაკედონიაში რეფერენდუმი 30 სექტემბერს არის დანიშნული. მეზობელ საბერძნეთთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ქვეყანას ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ერქმევა. ათენთან მრავალწლიანი დავის მოგვარება მაკედონიას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისკენ გზას გაუხსნის.

„ჩვენ ველოდებით, მაკედონიელი ხალხის გადაწყვეტილებას, თუ როგორი მომავალს აირჩევენ. ეს არჩევანი მათ ნაცვლად არავინ უნდა გააკეთოს“, – განაცხადა სკოპიეში ჩასულმა ჯეიმ მეტისმა.

შეგახსენებთ, ივლისის თვეში საბერძნეთმა ორი რუსი დიპლომატი გააძევა და კიდევ ორი გააფრთხილა. მათ ბრალად ოფიციალური პირების მოქრთამვა დასდეს. ამის მიზანი საბერძნეთის მიერ მაკედონიასთან გაფორმებული შეთანხმების გაუქმების მოთხოვნით დემონსტრაციების გამართვა იყო.