მაკედონია მზად არის, საბერძნეთთან დავის დასარეგულირებლად ქვეყნის სახელწოდებას გეოგრაფიული დაზუსტება დაამატოს
მაკედონია მზად არის, საბერძნეთთან დავის დასარეგულირებლად ქვეყნის სახელწოდებას გეოგრაფიული დაზუსტება დაამატოს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა განაცხადა. ათენთან უთანხმოება მაკედონიის მთავარი დაბრკოლებაა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე.
„ვისურვებდი, რომ საბერძნეთთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს. ჩვენ მზად ვართ, სახელწოდებაში გეოგრაფიული დაზუსტებისთვის“, – განაცხადა მაკედონიის პრემიერმა სკოპიეში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ზორან ზაევმა ასევე განაცხადა, რომ ალექსანდრე მაკედონელის სახელობის აეროპორტს სკოპიეს საერთაშორისო აეროპორტს დაარქმევენ, ამავე სახელწოდების ცენტრალურ ავტომაგისტრალს, მეგობრობის მაგისტრალი ერქმევა.
„დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩვენ ვადასტრებთ ჩვენს ნაბიჯს საბერძნეთთან მეგობრობისა და ნდობის გზაზე“, – განაცხადა მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ახალ სახელწოდებად რამდენიმე ვარიანტი განიხილება, მათ შორის ჩრდილოეთ მაკედონია, ახალი მაკედონია და ზემო მაკედონია
მაკედონიის სახელი სკოპიესა და ათენს შორის უკვე 27 წელია, დავის საგანია. უთანხმოების გამო საბერძნეთმა მაკედონიის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია დაბლოკა.
ანალოგიური სახელწოდებით საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში პროვინცია მდებარეობს. საბერძნეთში მიიჩნევენ, რომ მაკედონიის რესპუბლიკა თავისი სახელწოდებით უძველესი მაკედონიის სახელმწიფოს ისტორიულ ტერიტორიაზე პრეტენზიას გამოთქვამს.
მაკედონიამ დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოებისთვის მისი ოფიციალური სახელწოდებაა – ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.