მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლაზე საბერძნეთთან მიღწეული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლის შესახებ საბერძნეთთან მიღწეული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. საკანონმდებლო ინიციატივას 120-ადგილიანი პარლამენტის 69 წევრმა დაუჭირა მხარი. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ VMRO DPMNE პარლამენტის სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა.
როგორც კენჭისყრის შემდეგ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა განაცხადა, სკოპიემ და ათენმა ორივე მხარისთვის ღირსეულ და მისაღებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც დაიცავს მაკედონიის იდენტობასა და ენას. მისი თქმით, მთავრობამ ეს ნაბიჯი მოქალაქეებისა და მომავალი თაობის მშვიდობიანი მომავლისთვის გადადგა.
რატიფიცირების შემდეგ შეთანხმება ხელმოსაწერად პრეზიდენტ გეორგე ივანოვს გადაეცემა, რომელსაც ამისთვის შვიდდღიანი ვადა აქვს.
გასულ კვირას პრეზიდენტმა გეორგე ივანოვმა განაცხადა, რომ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.
საბერძნეთმა და მაკედონიამ 17 ივნისს ხელი მოაწერეს ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის სახელწოდების ცვლილების შესახებ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ახალი სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა იქნება. ამგვარად, ათენსა და სკოპიეს შორის 27-წლიანი დავა დასრულდა, რომელიც მაკედონიის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას აფერხებდა.